
გამოვლინდა თუ არა გაურკვეველი ანთებითი სინდრომი საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულ ბავშვებში – გამყრელიძის კომენტარი
13/05/2020 16:00:01 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულ არც ერთ ბავშვს გაურკვეველი ანთებითი სინდრომი არ დადასტურებია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „აქცენტის“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველოში "კოვიდთან" დაკავშირებულ არც ერთ ბავშვთან მსგავსი ეჭვიც არ მიტანილა. ასეთი ჩვენთან არ დაფიქსირებულა და მსოფლიოშიც არ არის ერთგვაროვანი აზრი, რომ "კოვიდი" ხელს უწყობს კავასაკის ტიპის დაავადების განვითარებას. თუმცა ბევრი ადამიანი იხრება უკვე იქითკენ, რომ "კოვიდი" თურმე მარტო ფილტვებსა და სასუნთქ გზებს არ აზიანებს და მას ე.წ. ასეთი პოლიორგანული დაზიანება ახასიათებს. ამ ვირუსის კვალი გარდა ფილტვის ქსოვილისა, აღმოჩენილია გულის მიოკარდში, ტვინის ქსოვილში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა.შ. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად, თუ დგინდება ეს, დროზე ექიმთან მივიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბავშვებში გაურკვეველი ანთებითი სინდრომის თაობაზე ინფორმაცია პირველად ბრიტანელმა ექიმებმა გაავრცელეს. მათივე თქმით, სინდრომი შესაძლოა, Covid–19–ს უკავშირდებოდეს. ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს მაღალი ტემპერატურა, გულის პრობლემები და ნაწლავების ანთება აღენიშნებათ. აშშ–სა და ბრიტანეთის გარდა, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი ბავშვებში იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაშიც დაფიქსირდა.
ამჟამად მეცნიერები კოროვირუსული პანდემიისა და კავასაკის დაავადებას შორის შესაძლო კავშირს იკვლევენ. კავასაკი მწვავე ანთებითი დაავადებაა ბავშვებში, რომელიც მაღალ ტემპარატურასა და არტერიების შეშუპებას იწვევს. როგორც წესი, კავასაკი განკურნებადი დაავადებაა, თუმცა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დასრულდეს. იგი ძირითადად 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება.