Accentnews.ge
ახალგორის საავადმყოფო კარანტინზე დაიკეტა

ახალგორის საავადმყოფო კარანტინზე დაიკეტა

13/05/2020 17:13:23 კონფლიქტები

ახალგორის რაიონული საავადმყოფო კარანტინზე დაიკეტა, ყველა პაციენტი კი გაწერეს მას შემდეგ, რაც ექიმები ეკონტაქტნენ ბავშვს, რომლის ტესტმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

4 მაისს ახალგორის მკვიდრმა ქალმა და მისმა 6 წლის შვილმა ვლადიკავკაზში, სადაც სამკურნალოდ იყვნენ გასულები, კორონავირუსზე ტესტირება გაიარეს და მაშინვე შინ – ცხინვალის რეგიონში გამოემართნენ. დაბრუნებული ბავშვი ახალგორში პედიატრმა გასინჯა, რის შემდეგაც დედა შვილთან ერთად 2-კვირიან სავალდებულო კარანტნში მოათავსეს. 4 საათში ვლადიკავკაზიდან პასუხი მოვიდა: ორივეს ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენაო. დედა-შვილი ცხივალის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ყველა, ვისაც მათთან ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში შეხება ჰქონდა, კარანტინში მოათავსეს.

საუბარია სულ 7 თანამშრომელზე: საავადმყოფოს მთავარ და კიდევ ორ ექიმზე, ექთანზე, ორ სანიტარსა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლზე.

კიდევ 10 ადამიანი – საავადმყოფოს თანამშრომლები, რომელთაც კარანტინში მოთავსებულ მედიკოსებთან კონტაქტი ჰქონდათ და დედა-შვილის ნათესავები - თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

7 ადამიანი ცალკე გამოყოფილ საკარანტინო სივრცეში ვეღარ დატიეს, ამიტომაც კარანტინის საჭიროებისთვის საავადმყოფოს შენობის მთელი მეორე სართული გამოყვეს, ხოლო 5 გეგმიური პაციენტი, რომელიც იქ კარანტინამდე მკურნალობდა, გაწერეს, - ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი და დასძენს, რომ ყველა გაწერილი პაციენტი ხანდაზმულია, ქრონიკული დაავადებებით:

«ისინი სახლებში ისე გაუშვეს, რომ არანაირი ალტერნატივა, მაგალითად სხვა კლინიკაში მკურნალობა არ შეუთავაზებიათ. მას შემდეგ აგერ უკვე ერთი კვირაა, საავადმყოფო პაციენტებს აღარ იღებს. მუშაობენ სასწრაფო დახმარება და პოლიკლინიკა – საკარანტინოდ გამოყოფილი ფართის ქვემოთ, პირველ სართულზე. მაგრამ მიღებას იქ მხოლოდ თერაპევტი, სტოლატოლოგი და ქირურგი აწარმოებენ, - ტრავმატოლოგი, პედიატრი და ოთოლარინგოლოგი კარანტინში არიან”.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიკოსები მთავარი სანიტარული ექიმის – მარინა კოჩიევას ბრძანებას დაემორჩილნენ, თორემ თავად ეს ზომები გადაჭარბებულად მიაჩნიათ – არ ჰგონიათ, რომ შეიძლებოდა, დაინფიცირებულიყვნენ – “ყველა მედიკოსი, ვისაც ბიჭთან კონტაქტი ჰქონდა, დამცავი საშუალებებით იყო ეკიპირებულიო”.

«კარანტინის წინა “მდგმურებმა” სამედიცინო დაწესებულებიდან თვითნებური გასვლებით “გამოიჩინეს თავი”, ამიტომაც ამჯერად საავადმყოფოს შესასვლელში მილიციელი დგას. თვითიზოლაციაში მყოფებსაც აკონტროლებენ – მილიცია მათ დღე-ღამის განმავლობაში 4-ჯერ ამოწმებს” – ყვება მეარაყიშვილი.

თუმცა არის კარგი სიახლეებიც: როგორც თამარი ამბობს, ბოლო პერიოდში გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებში პაცინტების თბილისში გადაგზავნა გამარტივდა. ძირითადად ისინი “წითელ ჯვარს” გაჰყავს, თუმცა ხანდახან “რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტითაც უშვებენ: სასრწაფოს პაციენტი ამ პუნქტამდე მიჰყავს, დე ფაქტო საზღვროს მეორე მხარეს კი მას ქართველი მედიკოსები ან ახლობლები ხვდებიან.

როგორც თამარი განმარტავს, პროცედურა კვლავინდებურად რთულია, გადაშვება ცხინვალში პასუხისმგებელ პირთა “შეწუხებას” მოითხოვს, თუმცა ადრინდელისგან განსხვავებით, ეს შესაძლებელი მაინც გახდა და უწინდელთან შედარებით, მოკლე დროშიც გვარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S