
ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ ბოლო ლიდერ ასლან ბიუტუკაევს ეძებენ
14/05/2020 12:20:32 კავკასია
ინგუში ძალოვანები ჩეჩნეთთან საზღვარზე, სუნჟის რაიონის ტყეებში ერთ-ერთ ბოლო ჩეჩნურ პარტიზანულ დაჯგუფებასა და მის ლიდერს – ასლან ბიუტუკაევს ეძებენ, - იუწყება «Интерфакс».
1974 წელს დაბადებული ასლან (ამირ ჰამზათ) ბიუტუკაევი 2013 წლის სექტემბერში მოკლული დოკუ უმაროვის (“კავკასიის იმარატის” დამფუძნებლის) მემკვიდრე გახლდათ. რუსეთში იგი “დომოდედოვოს” აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის საქმის ფიგურანტად ითვლება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი 2016 წელს მის მიმართ “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერის ბრალდებით სანქციები დააწესა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიუტუკაევის შესახებ არაფერი ისმოდა.
ასლან ბიუტუკაევი ასლან მასხადოვის ქვეშევრდომი იყო. ჩეჩნური რესპუბლიკა იჩქერიის კავკასიის იმარატად რეორგანიზების შემდეგ, 2010 წელს მან დოკუ უმაროვის წინააღმდეგ გაილაშქრა. 2011 წელს ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების ლიდერს შეურიგდა და 2013 წელს, უმაროვის გარდაცვალების შემდეგ მათ სათავეში ჩაუდგა.