Accentnews.ge
იტალიელი ექიმები: „ბავშვებში კავასაკის დაავადებას Covid-19 იწვევს“

იტალიელი ექიმები: „ბავშვებში კავასაკის დაავადებას Covid-19 იწვევს“

14/05/2020 14:03:05 საზოგადოება

იტალიელი ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვებში გაურკვეველ ანთებით სინდრომს, რომელსაც კავასაკის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, Covid-19 იწვევს.

„ბერგამოში გაურკვეველი ანთებითი სინდრომი 10 ბავშვს აღმოაჩნდა. მათგან რვას Covid-19 დაუდასტურდა. თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ დანარჩენი 2 ბავშვის შემთხვევაში ტესტი შეცდა და ისინიც კოვიდ–ინფიცირებულები იყვნენ. კვლევების ჩატარების შემდეგ უკვე ეჭვი აღარ გვეპარება იმაში, რომ ბავშვებში ეს გაურკვეველი ანთებითი სინდრომი, იგივე კავასაკის დაავადებაა, რომელსაც Sars-CoV-2 [Covid-19–ის გამომწვევი ვირუსი] იწვევს. ვიმედოვნებთ, ჩვენი კვლევა მსოფლიოში ექიმებს დაეხმარებათ, რომ უკეთ გაუმკლავდნენ Covid-19–​ს“, – განაცხადა ბერგამოში მდებარე საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების უფროსმა ექიმმა ლორენცო დანგიტამ.

როგორც მისი კოლეგა ანალიზა ჯერვასონი აცხადებს, კავასაკის დაავადება Covid-19–​ით ინფიცირებული ბავშვების ძალიან მცირე პროცენტს აღენიშნება:

„ჩვენი გამოცდილებიდან შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ Sars-CoV-2–ით ინფიცირებული ბავშვების ძალიან მცირე პროცენტს აღენიშნება კავასაკი. თუმცა მნიშვნელოვანია, კარგად ვაცნობიერებდეთ კორორნავირუსის შედეგებს მით უფრო მაშინ, როცა ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას იწყებენ“.

იტალიელი ექიმების განცხადებით, როგორც წესი, კავასაკი 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება, თუმცა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მისი დაფიქსირება სწორედ Covid-19–ს უკავშირდება.

კავასაკი მწვავე ანთებითი დაავადებაა ბავშვებში, რომელიც მაღალ ტემპარატურას, კუჭ–ნაწლავის პრობლემებსა და არტერიების შეშუპებას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვებში გაურკვეველი ანთებითი სინდრომის თაობაზე ინფორმაცია პირველად ბრიტანელმა ექიმებმა გაავრცელეს. სადღეისოდ, ბრიტანეთის გარდა, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი ბავშვებში აშშ–ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაშიც დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „აქცენტის“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულ არც ერთ ბავშვს გაურკვეველი ანთებითი სინდრომი არ დადასტურებია:

"საქართველოში Covid-19–თან დაკავშირებულ არც ერთ ბავშვთან მსგავსი ეჭვიც არ მიტანილა. ასეთი ჩვენთან არ დაფიქსირებულა. მსოფლიოში არ არის ერთგვაროვანი აზრი, რომ Covid-19 ხელს უწყობს კავასაკის ტიპის დაავადების განვითარებას. თუმცა ბევრი ადამიანი იხრება უკვე იქითკენ, რომ Covid-19 თურმე მარტო ფილტვებსა და სასუნთქ გზებს არ აზიანებს და მას ე.წ. ასეთი პოლიორგანული დაზიანება ახასიათებს. ამ ვირუსის კვალი გარდა ფილტვის ქსოვილისა, აღმოჩენილია გულის მიოკარდში, ტვინის ქსოვილში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა.შ. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად, თუ დგინდება ეს, დროზე ექიმთან მივიდეთ“.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 298 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 440 000–ს გადააჭარბა, 1 669 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S