
"კომენდანტის საათის" დაწესების კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს
14/05/2020 15:25:17 სამართალი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო. სასამართლო იმსჯელებს რამდენად კონსტიტუციური იყო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი წესები შეიცავს ადამიანის უფლებების შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს, პროცესში პარლამენტის ჩართულობა კი ამ რისკებს შეამცირებს.
"მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის მიერ დამტკიცდა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომლებიც მოკლებულია კონკრეტიკას და კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის მანდატს სრულად გადასცემს საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი პროცედურა ნიშნავს პარლამენტის მიერ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ აქტებზე კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას", - ვკითხულობთ სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როდის ჩაინიშნება საქმის განხილვა უცნობია. სადღეისოდ არსებული მოცემულობით, მოქალაქე, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გავა, სამი ათასი ლარით ჯარიმდება.