ტიკარაძე: "ვაქცინაციის პროცესშიც საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება"
14/05/2020 19:34:12 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ვაქცინაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება. ამის შესახებ მინისტრმა "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა.
„თებერვალში, როდესაც პირველი კოვიდ–ინფექცია დაფიქსირდა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ადგილზე შეეძლო ამ პაციენტების მომსახურება და დიაგნოზის დადგენა, ჰქონდა თუ არა პაციენტს დაავადება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩართული ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან არის მოწოდებული და იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა ტიკარაძემ.


