
აპრილის მეორე ნახევარში ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობა გაიზარდა
15/05/2020 13:29:45 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილის მეორე ნახევარში იმავე თვის პირველ ნახევართან შედარებით უწყებაში ძალადობის ფაქტების შესახებ მიმართვიანობისა და გამოძიების დაწყების რაოდენობა 13%-ით არის გაზრდილი. მზარდია 112-ზე შესული შეტყობინებების რაოდენობაც.
„ზოგადად ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად მზარდია მომართვიანობა, რაც პოზიტიურია იმ რეაგირებისა და ღონისძიებების საპასუხოდ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთად კოორდინირებულად უკვე წლებია ახორციელებს.
რაც შეეხება უშუალოდ პანდემიის დროს მომართვიანობის ზრდას, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში დავინახოთ ეს სურათი, თუმცა დღევანდელი მოცეულობით, ამ კუთხით განსხვავებულია აპრილის მაჩვენებლები და განსაკუთრებით აპრილის მეორე ნახევარი, როცა რეალურად აპრილის პირველ ნახევართან შედარებით, ფაქტობრივად, 13%-ით არის მომართვიანობაც და გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც გაზრდილი და ასევე რეალურად 112-ზე შემოსული შეტყობინებების რაოდენობაც არის მზარდი. საერთო ჯამში, მხოლოდ ერთი და ორი თვის ანალიზის საფუძველზე, რთულია იმაზე ხაზგასმა ის საერთაშორისო ტენდენციები და რაც მსოფლიოში გვაქვს უკავშირდება თუ არა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის რიცხვის მომატებას“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
მინისტრის მოადგილის ცნობით, აპრილის მეორე ნახევარში ასევე გაზრდილია მესამე პირების – მეზობლების მხრიდან ოჯახში და ქალზე ძალადობის შესახებ შეტყობინების რაოდენობა.
„ეს პოზიტიური ტენდენციაა. თუ გაქვთ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ძალადობის შესახებ, შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას და დაიწყება აუცილებლად, გამოძიება“.
მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ძალადობის მსხვერპლს ხშირ შემთხვევაში არ აქვს შესაძლებლობა, სამართალდამცველებს თავად მიმართოს, რის გამოც საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.