
პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები – შეწყალებაზე: "გადაწყვეტილება 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილია"
15/05/2020 20:30:08 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუასვილის სეწყალება 8 მარტის პოლიტიკური შეთნხმების სესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილია. ამის შესახებ ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
"მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.
"ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი. მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას", – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი პატიმრების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას კატეგორიულად უარყოფდა. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ფასილიტატორებს, საჯარო გაეხადათ მოლაპარაკების შინაარსი და დაედასტურებინათ, რომ მსგავსი შეთანხმება რეალურად არც არსებობდა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება და შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი, მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერები კვლავ ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ და რომ ეს გადაწყვეტილება 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირში არაა.
რაც შეეება შეთანხმების კიდევ ერთ ნაწილს, ეს ეხება საარჩევნო ცვლილებებს და ოპოზიციის თანახმად, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას გათავისუფლებას. როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერები აცხადებენ, თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს თავად მხარს არ დაუჭერენ.