
„8 მარტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში შუშის სასახლეზე შეიძლება, გაჩენილიყო აბრა წარწერით "იყიდება იაფად"
16/05/2020 17:09:28 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ესმოდა, რა შედეგები შეიძლებოდა, მოჰყოლოდა 8 მარტის შეთანხმების დარღვევას.
„ივანიშვილის გონიერებაზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მგრამ მას ძალიან კარგად ესმის რა შედეგებით შეიძლებოდა, დამთავრებულიყო ამ შეთანხმების დარღვევა. 6 წლის განმავლობაში საფრანგეთში ვიცხოვრე საქართველოს პროკურატურიდან გამოყოლილი ფულის გათეთრების ბრალდებით, ეს სააკაშვილის პერიოდია. ჩემთვის ეს იყო კოშმარი: ბანკში ანგარიშს ვერ ვხსნიდი , ბიზნეს–ურთიერთობებში გამარჯობას არ მეუბნებოდნენ ... ეს ყველაზე მარტივი რამ არის იმასთან შედარებით, როდესაც აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე აშშ–ის სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს გიწესებს. ეს არის კატასტროფა. ამ ტიპის სანქციების შედეგად შეიძლება, შუშის სასახლეზე გაჩენილიყო აბრა წარწერით „იყიდება იაფად“. ეს ერთი მასთან მიმართებაში რაც მოხდებოდა. მეორე, არის ის, რომ ქვეყანასთან მიმართებაში ეს იქნებოდა კატასტროფა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალოემ ზურაბიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა. ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნულს 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა, თუმცა ხელისუფლება ამგვარ დათქმას დღემდე უარყოფს.