
"რობაქიძის საქმეზე დონაძეს და მიქაძეს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ"
16/05/2020 17:33:38 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულია, აცხადებს, რომ შსს-ის ყოფილ თანამშრომლებს გურამ დონაძესა და ზურა მიქაძეს მის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ.
"არც დონაძეს, არც მიქაძეს ჩემს საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მიუციათ. სასამართლოში 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა დაკითხვა და არც ერთ მათგანს ჩემს წინაარმდეგ ჩვენება არ მიუციათ. დონაძემ პირდაპირ თქვა, რომ არავისი მხრიდან გაუგია მე ვინმეს დავავალე იარაღის ჩადება იმ ახალგაზრდების მანქანაში. მიქაძემ თქვა, რომ მე მას დავავალე მხოლოდ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება, რომ იყო დაპირისპირება პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის და კითხვაზე, მაშინ რატომ ჩაუდეთ მათ იარაღი, თუ თქვენ ამას აღიარებთო, მან უპასუხა – მე ვივარაუდე, რომ ოქრუაშვილი ამას გულისხმობდაო. ეს ყველაფერი იყო მათზე ზეწოლის შედეგი, მე დარწმუნებული ვარ, ისენი თავად ისაუბრებენ ამაზე” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, არსებობს თეორიული შანსი, იგი აღნიშნული საქმის გამო ციხეში დააბრუნონ. თუმცა ოქრუაშვილი დასძენს, რომ "პრაქტიკულად, ამის ალბათობა ნულის ტოლია".
19 ნოემბერს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წაუყენა ბუტა (ამირან) რობაქიძის საქმეზე თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.
რაც შეეხება გურამ დონაძესა და ზაზა მიქაძეს, მათ 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდათ ბრალი და პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა მიმდინარე წლის 16 აპრილს გურამ დონაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმრო დატოვა. მაშინ, ოქრუაშვილის თანაპარტიელი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებდა, რომ პროკურატურამ საპროცესო დონაძესა და მიქაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუჩვენების მიცემის სანაცვლოდ გაუფორმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა.