კადიროვმა მოითხოვა, მედიკოსები, რომლებიც ინდდაცვის საშუალებების ნაკლებობას უჩივიან, სამსახურიდან გაათავისუფლონ

18-05-2020 13:32:55 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა მოითხოვა, გუდერმესის საავადმყოფოს მედიკოსები, რომლებიც კოვიდ-პაციენტებთან მუშაობენ და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკლებობას უჩივიან, სამსახურიდან გაათავისუფლონ.

"პროვოკატორები უნდა გავყაროთ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს – აღჭურვილობა, ნიღბები, კოსტუმები, ჟანგბადი, მედიკამენტები. ის კი არა, სხვებსაც კი შეგვიძლია, დავეხმაროთ", - განაცხადა, ТАСС-ის ცნობით, კადიროვმა.

მანამდე სოციალურ ქსელში ადგილობრივი მედიკოსების სტიქიური აქციის კადრები გავრცელდა. ამის შემდეგ მთავარი ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ყოფილი ვიცე-პრემიერი მუსა ახმადოვი დანიშნეს.

სახელმწიფო ტელევიზიამ მედიკოსების აქციას – “უსაფუძვლო”, ხოლო მის მონაწილეებს “პროვოკატორები” უწოდა. მეორე დღესვე ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც აქციის მონაწილე მედიკოსები ბოდიშს იხდიან “არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების” გამო. ამასთან, მათ პირდაპირ ეთერში უარყვეს ადრე გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ექიმი სწორედ კორონავირუსული ინფექციისგან გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები