
სასამართლომ თელავის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა
19/05/2020 07:31:41 სამართალი
სასამართლომ თელავის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) ავრცელებს.
"სასამართლოს სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ ამ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, შესაბამისად, მერიამ თანამშრომლი ტოლფას თანამდებობაზე უნდა აღადგინოს. ამას გარდა, 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაუროს. სამსახურიდან გათავისუფლებული პირი ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა (ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა). იგი აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ განხორციელდა, რადგან ის პოზიცია, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოში მანამდე იკავებდა, არ იყო გაუქმებული და იგივე ფუნქციური დანიშნულებით კვლავაც არსებობდა.
მოსარჩელე მხარის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს და მისი გათავისუფლება უკანონო იყო. სასამართლოს განმარტებით, მობილობა შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხევაში, თუ კუმულაციურად არსებობს შემდეგი პირობები: 1. სახეზეა დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; 2. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან სდევს შტატების შემცირება; 3. არსებობს შესაბამისი მოხელის თანხმობა,”-აცხადებენ საია-ში.
მისივე ცნობით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქი თელავის გაერთიანების (შერწყმის) შედეგად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და ჩატარებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება, თუმცა შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ იყო გაუქმებული და არც მისი ფუნქციური დანიშნულება იყო შეცვლილი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა პირი, ხოლო სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელე დაექვემდებარა მობილობას.
გათავისუფლებულის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.