Accentnews.ge
პრეზიდენტს პროკურატურაში უჩივლეს

პრეზიდენტს პროკურატურაში უჩივლეს

19/05/2020 09:32:30 სამართალი

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოს პრეზიდენტს პროკურატურაში უჩივლა. ის სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. საქმე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხება.

ადვოკატი პროკურატურისგან მოითხოვს, გამოიძიოს სავარაუდო სამოხელეო დანაშაული

„საჩივარში ასახულია ის პროცედურული საკითხები, რაც თან ახლავს ხოლმე შეწყალებას. პრეზიდენტმა არც ერთი პუნქტი არ დაიცვა და ისე შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა. უგულავასა და ოქრუაშვილის საქმის გამოძიებაზე უამრავი რესურსი დახარჯა სახელმწიფომ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და შემდგომ ამ ადამიანების შეწყალება მოხდა. ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რისი შესაძლებლობაც პრეზიდენტს არ აქვს,“ - უთხრა ჟურნალისტებს ალექსანდრე კობაიძემ და დასძინა, რომ მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ დანაშაული არ მოუნანიებიათ და ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე უნდა განეხილა შესაბამის კომისიას.

კობაიძის თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ბრალდება ჰქონდა: მას დაუდასტურეს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებისას პროცედურული საკითხები არ დაიცვა და გაასამართლეს. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წელს გამოუტანა და დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით პატიმრობა.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მოწოდება საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად დაცვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შეწყალების კიდევ ერთ ეპიზოდზე პროკურატურაში გამოძიება თითქმის ერთი წელია, მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში საქმე გასული წლის 28 აგვისტოს შეწყალების აქტს ეხება. მაშინ პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, ნარკორეალიზატორი და ძებნილი შეიწყალა. გამოძიების სედეგები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S