Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ით მედიკოსები დაინფიცირდნენ

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ით მედიკოსები დაინფიცირდნენ

19/05/2020 09:36:44 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენიდან დღემდე COVID-19 ორ მედიკოსს დაუდასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე ზნაურის საავადმყოფოს ე.წ. წითელ ზონაში მუშაობდა, სადაც ინფიცირებულები არიან განთავსებულები და სამედიცინო დაწესებულების გარეთ კონტაქტები არავისთან ჰქონია.

ჯამში ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული. “იუგოოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, პაციენტებიდან 31 რუსეთის ტერიტორიაზე დაინფიცირდა და ვირუსი უკვე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლისას გამოუვლინდა, ორი კი ზემოთ ხსენებული მედიკოსია. სავალდებულო კარანტინში იმყოფება 300-ზე მეტი ადამიანი.

გამოცდილ ექიმ სარმატ პარასტაევის აზრით, მედიკოსების ინფიცირება იმ პირობებში, როცა რეგიონში ეპიდემიური სურათი ჯერ არ არის, ძალზე შემაშფოთებელი სიგნალია:

“ეს მოხდა ჩვენთან ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, როცა ეპიდემიური სურათი ჯერ არ გვაქვს, არის მხოლოდ პირველი პაციენტები და ყველა მათგანს დაავადება მსუბუქ ფორმაში – ფაქტობრივად ფეხზე მდგომს გადააქვს; არ გვყავს მძიმე ავადმყოფები, რომლებიც ინტენსიურ თერაპიას, მანიპულაციებსა და პროცედურებს საჭიროებენ, რაც მედიკოსებთან მჭიდრო კონტაქტს მოითხოვს. როცა ასეთ პირობებში მედიკოსები გიავადდებიან – ესე იგი, სამედიცინო დაწესებულებაში რაღაც ისე არ მიდის: შესაძლოა, იქ დისციპლინა მოიკოჭლებს, მედიკოსები იგნორირებას უწევენ მათთვის მიწოდებულ პროტოკოლებს, ან შესაძლოა, არც არანაირი პროტოკოლი და ინსტრუქცია მიუწოდებიათ, ან არ გააჩნიათ ინდივიდუალური დაცვის საკმარისი საშუალებები. ეს საყურადღებო შემთხვევაა და დეტალურ შესწავლას მოითხოვს».

დე ფაქტო დეპუტატ დავით სანაკოევის აზრით კი, მას შემდეგ, რაც დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარი კარანტინზე ჩაიკეტა, იგი თვალს ადევნებდა, როგორ “ემზადებოდა” ოკუპირებული რეგიონი შესაძლო პანდემიისთვის და ეს პროცესი კმაყოფილების გრძნობას არ იწვევდა:

“მზადება სასურველზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა, უკიდურესად არარაციონალურად იქნა გამოყენებული დროის ის დაახლოებით თვენახევრიანი “ფორა”, რომელიც მოგვეცა. ეს სინელე და არარაციონალურობა ნაწილობრივ პრობლემების მიჩქმალვის ბრალია, რაც შეცდომითი ტაქტიკაა: პირიქით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიმართლე – ეს როგორც ხელისუფლებას, ისე მოქალაქეებს აიძულებთ მობილიზებას. ახლა ცდილობენ, ისეთი სურათი შექმნან, თითქოს ოპერატიული შტაბის მუშაობა სრულიად გამართულად, მკაფიოდ და უშეცდომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა რესპუბლიკის ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში თავს იჩენს პრობლემები, ხელისუფლება კი შემდეგ მათ მიჩუმათებას ცდილობს. საბოლოო ჯამში, ეს პრაქტიკა ხელისუფლების წინააღმდეგვე მოქმედებს. პირიქით, საჭიროა შეცდომების დროულად გამოვლენა და ხალხისთვის მათ გამოსწორებაზე მუშაობის დემონსტრირება, მით უფრო, რომ ეს ახალი გამოცდილებაა არა მარტო ჩვენი რესპუბლიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და აქ სათაკილო არაფერია. თუ ადამიანები დაინახავენ, რომ ხელისუფლება შეცდომებს აღიარებს და მათი გამოსწორებისთვის ყველაფერს აკეთებს, მის მიმართ ნდობა აღდგება და ისინი ამ შეცდომებსაც გაგებით მოეკიდებიან. ეს პოლიტიკური კონკურენციის საკითხი არ არის, ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ».

შეცდომების დაშვება კი დე ფაქტო ხელისუფლებამ იმთავითვე – ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებულების გაჩენამდე დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მათი შედეგები უკვე დიდი ხანია (6 მაისიდან), სახეზეა, ტაქტიკას ჯიუტად არ ცვლის: დე ფაქტო რეჟიმი, რომელიც ეპიდემიას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, კვლავინდებურად დაჟინებით აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც მას თბილისი და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე თითქმის ორი თვეა, სთავაზობენ, “მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან მიიღებს”

ამ პირობებში დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას კვლავინდებურად ატყუებს და ირწმუნება, რომ “კორონავირუსის გამოჩენამდე მიღებული ზომების წყალობით რესპუბლიკაში ვირუსი ლოკალიზებულია”, რომ “ცხინვალი არ განიცდის მედიკამენტების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ან სადეზინფექციო საშუალებების ნაკლებობას”

“საკარანტინო ზომები ხელს შეუწყობს იმას, რომ კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებების კედლებს არ გასცდეს. ამმხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მედიკოსებს, რომლებსაც კარანტინში მყოფ პირებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ», - დასძენს დე ფაქტო ლიდერი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S