
მოქალაქეს პატრულის მანქანა დაეჯახა: "შუქნიშანზე გადავდიოდი და ამ დროს გამოვარდა"
19/05/2020 10:12:25 სამართალი
გაბრიელ სალოსის გამზირზე მოქალაქეს პატრული დაეჯახა,– იუწყება "ფორმულა" სავარაუდო დაზარალებულზე დაყრდნობით.
მოქალაქე ალექსანდრე ჯანგულაშვილი იხსენებს, რომ შუქნიშანზე გადადიოდა ქვეითებისთვის ნებადართულ დროს.
„გადავდიოდი შუქნიშანზე, მწვანე იყო. ამ დროს საპირისპირო მხრიდან გამოვარდა პატრულის მანქანა, ეტყობა ეჩქარებოდა და დამეჯახა“, - განაცხადა ჯანგულაშვილმა.
დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ფეხის ტრავმა აღენიშნება.
განახლება
პროკურატურამ გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
“ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, - აღნიშნავენ პროკურატურაში.