
The Hill: “კრემლი საქართველოს საზღვრებზე შეტევას განაგრძობს”
19/05/2020 13:33:28 კონფლიქტები
“გლობალური კრიზისების ზეწოლის ქვეშ მოქცეულმა პუტინმა მათი საკუთარ ინტერესებში გამოყენების გზებს მიაკვლია” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა “The Hill”.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსოფლიოში ნავთობის ფასის ვარდნამ და პანდემიამ პუტინს დარტყმა “ძალზე არახელსაყრელ მომენტში” მიაყენა:
«ეს მოხდა რუსეთში იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად დაწყებული კამპანიის დროს, რომელთა მიღების შემთხვევაშიც პუტინს შესაძლებლობა მიეცემა, 2024 წელს პრეზიდენტად კვლავ იყაროს კენჭი".
ამასთან, სტატიის ავტორის აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, “ერთ წერტილში გადაკვეთილმა ამ კრიზისებმა უახლოეს ხანებში რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ პუტინის პოზიციები საგრძნობლად შეასუსტოს».
იგი ამის ოთხ მიზეზს ასახელებს:
- პუტინმა მოახერხა ოქროსა და ვალუტის მნიშვნელოვანი რეზერვების დაგროვება;
- იგი აძლიერებს კონტროლს რუსეთის შიდა საინფორმაციო ველზე;
- საზოგადოებრივი კონტროლის პუტინისეული მექანიზმები გამართულად მუშაობს, ეფექტურია და მუდმივად ფართოვდება;
- სხვა ქვეყნები დაკავებულები არიან COVID-19-თან ბრძოლითა და საკუთარი შიდა პრობლემებით.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, “კრემლი ჰიბრიდული ომის საკუთარ ინსტრუმენტებს ხვეწს და ამჯერად ჯანდაცვის თემაზე სადეზინფორმაციო კამპანიებით ექსპერიმენტირებს”.
“The Hill” ასევე აღწერს რუსეთის მოქმედებას უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში.
«მარტში რუსეთის აგემტებმა უკრაინაში კოორდინირებული სადეზინფორმაციო კამპანია განახორციელეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ქალაქის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ჩინეთიდან ევაკუირებული უკრაინელების ქვეყანაში ჩაყვანის წინააღმდეგ. საქართველოში კი კრემლი ქვეყნის საზღვრებზე შეტევას განაგრძობს. აპრილში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ახალი ბარიერები აღმართეს», - ნათქვამია პუბლიკაციაში.