Accentnews.ge
მეარაყიშვილი – ხელისუფლებას: „ითვალეთ გარდაცვლილების თავები!“

მეარაყიშვილი – ხელისუფლებას: „ითვალეთ გარდაცვლილების თავები!“

20/05/2020 14:03:29 კონფლიქტები

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„დილიდან მიკავშირდებიან ჟურნალისტები ჯუმბერ მილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მას არ ვიცნობდი. არ ვიცოდი მისი ავადმყოფობის ისტორია და ასევე არ ვიცოდი ოჯახის მცდელობის შესახებ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაეყვანათ სამკურნალოდ. ანატოლი ბიბილოვი [დე ფაქტო პრეზიდენტი] არის ბოროტი ადამიანი. არ მოვერიდები ამის თქმას. საქართველოს ხელისუფლება კი მთხლე და არაფრის მაქნისი. ითვალეთ გარდაცვლილების თავები ახლა და აკეთეთ განცხადებები მწუხარე სახით, დაიმუქრეთ რომ არავის შეარჩენთ და ვიცხოვროთ ამ რეჟიმში წლები. ან გირჩევთ, ყველა რომ დავიხოცებით, ერთად გააკეთეთ განცხდება რაიონის დახურვაზე- უფრო ეფექტური იქნება. უპასუხო კითხვას დავსვამ- მეათე თვე რომ მთელი რაიონი მძევლად ვართ აყვანილი, ვინმეს სადმე უჩივლეთ? მილაძე თვეების განმავლობაში გადაყვანას რომ ითხოვდა, მაშინ სად იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია? სადაა სათითაო გარდაცვლილზე საჩივარი? თუნდაც საქართველოს პროკურატურამ აღძრა საქმე? ჰოდა კარგად იყავით თქვენი ყალბი განცხადებებით“,– წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ახალგორელი პაციენტი, 63 წლის ჯუმბერ მილაძე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას გარდაიცვალა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ნათესავებს პაციენტის ე.წ. საზღვარზე გადაყვანის უფლებას არ აძლევდა.

მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი ნათესავებს პაციენტის „წითელი ჯვრის“ მეშვეობით საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა მისცეს. ჯუმბერ მილაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა. მისი დიაგნოზი ამ დროისთვის უცნობია.

სერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჯუმბერ მილაძეს ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი უწოდა:

"ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ, უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად, უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში. რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა. რეალურად, დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა.

საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად, სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბივილის განცხადებით, ჯუმბერ მილაძის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია "ბორდერიზაციისა" და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის:

„ჯუმბერ მილაძის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის. როცა მსოფლიო საერთო მტერს ებრძვის, ამგვარი გულისმომკვლელი ფაქტები სოლიდარობის მარცხია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S