
პრემიერი შემოსავლების სამსახურს მიმართავს: "სწრაფად გაიცეს კომპენსაციები"
21/05/2020 07:42:57 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინიტრმა გიორგი გახარიამ შემოსავლების სამსახურს დაავალა, რომ უსამსახუროდ დარჩენილთათვის კომპენსაციები სწრაფად გაიცეს.
„მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია, რომ სწრაფად და ეფექტურად გაიცეს ეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე და მოქალაქეებმა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, ეს დახმარება მიიღონ დროულად. ამ დახმარების ფასი აქვს მაშინ, როდესაც მოქალაქეს ვაძლევთ დროულად“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან ბიზნეს–ოპერატორებს შემოსავლების სამსახურთან ეფექტურად თანამშრომლობისკენ მოუწოდა:
„მოგეხსენებათ, რომ ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის ოდენობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნესოპერატორებს შორის. ამიტომ მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და ჩვენ არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ეს სჭირდება“.