ევროკავშირის მისია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობებს კატეგორიულად უარყოფს

21-05-2020 14:02:09 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებას მის წინააღმდეგ მიმართულ გამიზნულ და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციად აფასებს. საუბარია ბრალდებაზე, რომ ქართული მხარე და "ლუგარის ლაბორატორია" ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის ბიოლოგიური მასალის მოპოვებას ცდილობენ და ამაში მათ დახმარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უწევს.

როგორც ევროკავშირის მისია განმარტავს, ჯერ კიდევ 26 და 27 აპრილს უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებას პირადი მანქანების შესახებ, რომლებიც თან მის პატრულს ახლდა: „საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე, როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები“.

ევროკავშირის მისია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები მისიის პატრულს თან ახლავს დაარსების დღიდან და ეს წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა:

„ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში , სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია", - ნათქვამია მისიის მიერ 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე, აღნიშნავს, რომ არანაირი საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა, პატრულირება გეგმის მიხედვით ჩატარდა, არც ერთ მოქალაქესთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა, არანაირი ნიმუშის შეგროვება არ მომხდარა და მსგავსი განზრახვა არც არსებობს.

ევროკავშირის დამკვირვებლები ხაზს უსვამენ მისიის საქმიანობის მიუკერძოებლობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები