Accentnews.ge
აფხაზეთი – “მეორე სერიის” მოლოდინში: ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან რამდენიმე ათას პოტენციურ კოვიდ-ინფიცირებულს ელიან

აფხაზეთი – “მეორე სერიის” მოლოდინში: ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან რამდენიმე ათას პოტენციურ კოვიდ-ინფიცირებულს ელიან

21/05/2020 10:18:13 კონფლიქტები

გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 90-მდე პირს ჩაუტარდა და მათგან ინფიცირება ერთს – რუსეთიდან დაბრუნებულ კურსანტს დაუდასტურდა. ეს უკვე მე-15 ინფიცირებულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციდან დაბრუნებულ კურსანტებს შორის.

პაციენტი გუდაუთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რომელშიც კოვიდ-ინფიცირებულებს ათავსებენ. ამ დროისთვის იმავე დაწესებულებაში 21 ინფიცირებულია განთავსებული, მათგან 15 სწორედ რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, 2 – სოფელ ბომბორას, 3 – სოხუმის მკვიდრი.

კიდევ ერთი ინფიცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეა, რომელსაც ვირუსი დაღესტნიდან ჩასვლის შემდეგ დაუდგინდა. ახლა იგი ბაზის ტერიტორიაზევეა იზოლირებული და მკურნალობას განაგრძობს.

"ამ დროისთვის ყველა პაციენტის მდგომარეობა ახლოა დამაკმაყოფილებელთან. სადღეისოდ მათი ნაწილი ტესტირებას განმეორებით გადის, შედეგები უახლოესი ორი დღის განმავლობაში გვეცოდინება და იმის მიხედვით ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ, გაეწერება. ბოლო დღეებში გამოკვლევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, თავად ტესტებიც, რომელსაც ახლა ვიყენებთ, საეჭვო შედეგის მიღების შემთხვევაში მესამედ ტესტირებას ითვალისწინებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგვაქვს საბოლოოდ დასკვნა კორონავირუსზე დადებითი ან უარყოფითი შედეგის თაობაზე” – აცხადებს მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის ადგილობრივი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი, მედიკოსი ალხას ჯინჯოლია.

სწორედ კურსანტების დაბრუნებას უკავშირებენ შტაბში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში ეპიდვითარების მკვეთრ გამწვავებას.

ამასთან, ჯინჯოლიას პროგნოზით, უახლოეს ხანებში სტუდენტები რუსეთიდან მასობრივად დაიწყებენ დაბრუნებას: იძულებითი არდადეგები ხომ არა მარტო სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს, არამედ რუსეთის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც ეხებათ და ჯამში რამდენიმე ათასი სტუდენტის აფხაზეთში დაბრუნებაა მოსალოდნელი.

მედიკოსის გათვლით, მათ დაემატება ჩამომსვლელთა ის ნაკადიც, რომელიც აფხაზეთისკენ სხვა მიზეზით – ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გაემართება.

“ასე, რომ ახლა “მეორე სერიის” მოლოდინში ვართ და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. ალბათ, მოგვიწევს, გარკვეულ ნაწილში ტაქტიკის შეცვლა. აფხაზეთშო უკვე ჩამოტანილია აღჭურვილობა ანტისხეულების დასადგენად, გუშინ იგი დამონტაჟდა და გამოვცადეთ კიდეც” – აღნიშნავს ჯინჯოლია.

რაც შეეხება სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცოტა ხნის წინ რუსეთში მორიგი ვიზიტიდან დაბრუნებულ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდგინდა, ალხას ჯინჯოლიას განცხადებით, მას ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

ცნობისთვის: აფხაზეთში კარანტინის გამოცხადების მომენტიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა გამოვლენილი. პირველი სამი პაციენტი ჯერ კიდევ აპრილში აღირიცხა. მათგან ორი გამოჯანმრთელდა, მესამე – 1925 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა. რაც შეეხება შემდგომში გამოვლენილ შემთხვევებს, ჯერ-ჯერობით კლინიკიდან მხოლოდ ერთი კურსანტია გაწერილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S