„კონტი ჯგუფი“ – ამერიკელი კანონმდებლების წერილზე: „ამ დოკუმენტის მომზადებაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია“

21-05-2020 15:47:41 კომენტარი

"კონტი ჯგუფი“ ამერიკელი კანონმდებლების 15 მაისის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ კომპანიას დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„კონტი ჯგუფს“ ამ წერილის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ, კომენტარი გავაკეთოთ მასში გამოთქმულ აზრებზე“, – განუცხადა „აქცენტს“ კომპანიის მმართველმა დირექტორმა კულინ ვაიბლმა.

აშშ-ის სენატორებმა – ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, კონგრესმენებმა – ჯუდი არინგტინმა და მარქვეინ მულინმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს, რომელშიც აცხადებენ, რომ „საქართველოში ამერიკული ბიზნესი ზეწოლას განიცდის“.

ამ კონტექსტში ამერიკელი კანონმდებლები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და „კონტი ჯგუფსაც“ ახსენებენ:

„ბოლო პერიოდში ამერიკული ენერგოკომპანია „ფრონტერა“ მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების სამიზნე გახდა და იგი ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშე დგას. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია – „კონტი ჯგუფი“ ანალოგიური გზით ჩამოაშორეს კონსორციუმს, რომელიც ანაკლიაში საპორტო ნაგებობების აშენებას გეგმავდა, აღნიშნულის შემდეგ პროექტი შეჩერებულია“.

ცნობისთვის: „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროგრამის მენეჯერი იყო. ამასთან, კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერიც გახლდათ. გასული წლის 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „კონტი ჯგუფი“ კონსორციუმს ტოვებდა. 25 ოქტომბერს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „კონტი ჯგუფი“ გადაწყვეტილებას ცვლიდა და პროექტიდან აღარ გადიოდა. მოგვიანებით, „კონტი ჯგუფმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კომპანიას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

რა გახდა ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტის“ გასვლის მიზეზი, ამერიკულმა კომპანიამ, ამ საკითხზე საუბრისგან თავი თავის დროზეც შეიკავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები