
ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
21/05/2020 14:35:06 საშინაო პოლიტიკა
ფრაქციამ „დამოუკიდებელმა დეპუტატები“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, ფრაქცია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამასთან, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადავა.
„მოგმართავთ კოლეგებს უმრავლესობაში, ნუ გარისკავთ ამ კანონის დამტკიცებას, რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით, სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს, პირველი მოსმენით კენჭი უყაროს აღნიშნულ კანონპროექტს. რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტი იქნება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი. თუკი დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პირველი მოსმენით დაამტკიცებს აღნიშნულ კანონპროექტს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად, გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს პარლამენტი "ჯანმრთელობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული სახით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.