Accentnews.ge
„ინგუშებთან, ჩეჩნებთან და ისლამთან გვინდა ომი?!“

„ინგუშებთან, ჩეჩნებთან და ისლამთან გვინდა ომი?!“

23/04/2019 18:05:38 თვალსაზრისი, ინტერვიუ

21 აპრილს კახეთში, სოფელ ძიბახევში განვითარებულ მოვლენებს ალბათ, მთელი საქართველო უწყვეტ რეჟიმში ადევნებდა თვალს. პანკისის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით შეფასებები განსხვავებულია: ნაწილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედებებითაა აღშფოთებული, ნაწილი - საქართველოს ძალოვანი უწყების. ერთადერთი, რაზეც ალბათ, ყველა თანხმდება, ისაა, რომ საქართველომ იხილა ძალზე დრამატული, მძიმე, შემაშფოთებელი მოვლენა, რომელიც ვნებების ჩაცხრობის შემდეგ ღრმა ანალიზსა და დასკვნების გამოტანას იმსახურებს. როგორ მივედით გუშინდელ დღემდე, იყო თუ არა შესაძლებელი მომხდარის თავიდან არიდება, არსებობს თუ არა სამომავლოდ პრობლემის დაძლევის რესურსი, ამ საკითხებზე „აქცენტი“ აღმოსალეთმცოდნეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრ გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა.  

- ბატონო გუბაზ, რა სახის პრობლემები გამოკვეთა 21 აპრილს პანკისში განვითარებულმამოვლენებმა?

- არაპროფესიონალიზმი, დილეტანტიზმი, საკითხის ღრმა უცოდინარობა, წარმოდგენის არქონა პრობლემაზე და თავად პანკისში მიმდინარე პროცესებზე. თუ დაუკვირდებით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს უხუცესებთან, პანკისში კი უკვე კარგა ხანია, ასეთი ვითარებაა: არიან პარალელურად ორი ისლამის მიმდევრები: ტრადიციულის, რომელსაც უფრო მხცოვანი მოსახლეობა მისდევს და სალაფიზმის - საუდის არაბეთიდან გამოსული ვაჰაბიზმის ნაირსახეობის, რომელსაც ჩვენებურად "მამაპაპური ისლამი" შეიძლება, ვუწოდოთ. სალაფიზმის მიმდევრები უმეტესად ახალგაზრდები არიან, რომლებიც უხუცესების ავტორიტეტს არ სცნობენ და საერთოდაც თვლიან, რომ ტრადიციული ისლამი - ეს დამახინჯებული ისლამია. მათ შორის, ასე ვთქვათ, დიდი გაუგებრობაა, თუ მეტს არ ვიტყვით. აქედან გამომდინარე, როდესაც უხუცესებს ელაპარაკება ხელისუფლება, ის არც და არამც არ ელაპარაკება მთლიანად პანკისის ხეობას, ესაუბრება მხოლოდ მცირე ჯგუფს და ეს არც კი იცის. წესით, უხუცესებთანაც უნდა ჰქონდეს კონტაქტი და ახალგაზრდებთანაც, მაგრამ ახალგაზრდებს გაურბის, - არ ვიცი, ეშინია, თუ სხვა რამეშია საქმე, მგონია, რომ უფრო ეშინიათ. დამლაპარაკებელიც არავინ ჰყავთ. ვინ არის ხელისუფლებაში ავტორიტეტი, რომ ჩავიდეს და დაელაპარაკოს?!

კომუნიკაციის პრობლემაზე პანკისის ხეობის მაცხოვრებლები დიდი ხანია, საუბრობენ: წინა ხელისუფლების პირობებში აქცენტი კეთდებოდა სალაფიზმის მიმდევრებზე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი – ტრადიციულის...

- როდესაც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ორივესთან მქონდა კონტაქტი და თუ გახსოვთ, ის 4 წელი პანკისში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ხელისუფლებას კი ახლა კონტაქტი აქვს ერთ ჯგუფთან, რომელიც მეორესთვის ავტორიტეტული არ არის. 

ფიქრობთ, ამან მიგვიყვანა 21 აპრილის მოვლენებამდე?

- ამას დაუმატეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება: რატომ შეხვდნენ ასე ცუდად ქართულ პოლიციას? - მათ თემირლან მაჩალიკაშვილის გამოცდილება აქვთ: მთელმა პანკისმა იცის, რომ როდესაც ხეობაში შეიარაღებული პოლიციელები შევიდნენ, მათ ახალგაზრდა უდანაშაულო კაცი მოკლეს; გამოძიება დასრულებული არ არის, ხელისუფლება კი ხმებს ავრცელებს, "მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტიო" და ამას ვერ ადასტურებს... აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში რომ მოხვდა მაჩალიკაშვილის თემა, როგორ გგონიათ, ამერიკელებს არც სპეცსამსახურები ჰყავთ, არც დაზვერვა, არც ოფიცრები საელჩოში, რომ ვერ გაერკვიათ, ტერორისტია მაჩალიკაშვილი თუ არა?! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორისტს რომ არ დაიცავს, ხომ იცით? ანუ, ის ბიჭი უდანაშაულოდ არის მოკლული და სამართალი არ იქმნა, ხოლო როცა სამართალი არ იქმნება, როცა შეიარაღებული ქართველი პოლიციელი პანკისელისთვის საშიშია, როცა ბავშვებს ეშინიათ, როცა მთელმა საქართველომ იცის, რომ ქართულმა სახელმწიფომ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი და ამას არ აღიარებს, რა უნდა ექნათ, ყვავილებით უნდა შეჰხვედროდნენ იქ ნორმალური ფსიქიკის ადამიანები პოლიციელებს?!

შემდეგი საკითხია ჰესები. მე არ ვარ ამ სფეროში სპეციალისტი, მაგრამ ვარ ისლამური მიმდინარეობების, ჩრდილოეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის მცოდნე და ვიცი, რა შეიძლება, მოჰყვეს ამას. პანკისში ქისტებთან ურთიერთობის გაფუჭება, დაპირისპირება ერთ ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს: ვაინახური ხალხების, კერძოდ, ინგუშებისა და ჩეჩნების  დაპირისპირებას საქართველოსთან. გასაგებია, რომ ჩეჩნეთს პუტინის მეფისნაცვალი, აგრესიულობით გამორჩეული კადიროვი მართავს. სხვათა შორის, სირიაში რუსული ჯარების 70% ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული. ხომ შესაძლებელია, ეს გამოიყენონ პუტინმა და კადიროვმა, გამწვავდეს ჩეჩნებთან ურთიერთობა? ალბათობა ხომ უნდა დავუშვათ ამის?! სახელმწიფო ყოველთვის უნდა თვლიდეს საფრთხეებს, ეს შეიძლება, დაგემართოს ან არა, მაგრამ პრევენცია იმას ნიშნავს, რომ საფრთხე საერთოდ არ იყოს. რაც შეეხება ინგუშებს, ეს არის ერთადერთი ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც თავისი პოლიტიკური ორიენტაციით საქართველოსკენაა. ცნობილია, რომ ინგუშებს არც აფხაზეთის, არც ცხინვალის კონფლიქტში მიუღიათ მონაწილეობა, ერთი ტყვიაც არ უსვრიათ ქართველებისთვის... მოკლედ რომ ვთქვათ, ინგუშებს ჩვენი იმედი აქვთ. ქისტებთან დაპირისპირების შემთხვევაში ჩვენ ინგუშებს დავკარგავთ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს გავლენის პოლიტიკურ ერთეულს...

აი, როგორი ხიფათები მოაქვს ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის აჩემებებს! აღმოჩნდა, რომ ის ჰესიც ["ხადორი 3!] მის ინტერესში ყოფილა. სულ ვამბობ, რომ უწიგნური და გაუნათლებელი ხალხი ქვეყნისთვის საფრთხეა.

კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა: ქართული  პოლიციის დემორალიზება. ქისტებმა პოლიცია შეტაკებაში დაამარცხეს. პოლიციის ამოცანა - ტექნიკა შეეყვანათ ხეობაში და მუშაობა დაეწყო, ვერ შესრულდა. ანუ, პოლიცია დამარცხდა. პოლიციის დამარცხება კი იწვევს მის შიდა დემორალიზებას, საზოგადოებაში კი - მის მიმართ ნაკლებ სიმპათიას.

- ანუ, რომ  შევაჯამოთ, ეს ოპერაცია იყო დიდი რისკი, რომელსაც არანაირი მოგება არ მოუტანია... 

- გუშინწინ დიდი კავკასიური დაპირისპირების რისკის წინაშე აღმოვჩნდით და, სხვათა შორის, ეს არ დასრულებულა, ეს გაგრძელდება და მოხდება იმ ხალხის ქართული სახელმწიფოს მიმართ გაუცხოება. პანკისელები ცხინვალსა და აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად იბრძოდნენ. ბევრმა ქართველმა არ დაიკვეხნოს მათი მამულიშვილობა საქართველოს მიმართ და მოუსმინეთ, იმ დღეს რას ამბობდნენ: "წადით და აფხაზებთან და ოსებთან გაარკვიეთ ურთიერთობაო". ამით გვეუბნებიან, "არაფრის მაქნისები არ ხართ და ჩვენ გვესხმით თავსო". და რას ელოდა საქართველოს ხელისუფლება მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ? - ხომ არსებობს მიზეზ-შედეგობრიობა, არა? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი სულელები ქართველები და ქართული სახელმწიფო?! სადამდე უნდა მართავდნენ უწიგნური, უპასუხისმგებლო ადამიანები ქვეყანას? რა მივიღეთ – დამწვარი ტექნიკა, გალახული ქართული პოლიცია, დაძაბულობა ვაინახებთან.... მე ყოველ საღამოს ვამოწმებ ჩეჩნურ და ინგუშურ საიტებს – აფეთქებულია! ეს გვაკლდა? თავიანთი ირიბი მაიმუნობებით ვიღაცას რაღაც წამოსცდა, სახელმწიფო ტელევიზიებმა რაღაც ცუდად აჩვენეს – მლოცველი ქისტები უკანა ხედით გადაღებული, რა, ისლამთან ვაპირებთ ომს? რისი მიღება გვინდოდა? ის ელექტროსადგური საქართველოს გააჭახჭახებდა, თუ რას იზამდა?! საქმე გვაქვს უვიც მიკიტნებთან!

- ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ყოფილა ეთნიკური კონფლიქტი...

- რომ გადაიქცეს, შემდეგ რას ვიზამთ?!  რატომ არ უკვირდებით, რას ლაპარაკობდნენ თავად პანკისელები, „ჩვენი გასახლება გინდათო“ – ხომ ამბობდნენ, არა? ჩვენ როგორ ვუყურებთ საკითხს, ის კი არ არის მთავარი, არამედ ის, თავად როგორ აღიქვამენ. და როგორ აღიქვეს? - „ჩვენი გასახლება გინდათ, ბარემ ამოგვწყვიტეთო“...

- საიდან ასეთი განწყობა?

- შევიდა ქართული  პოლიცია და მოკლა ბავშვი! აქედან არის და აბა რას მოველით? დავუშვათ, საბედისწერო შემთხვევით დაგემართა ეს, გამოძიებული და დასჯილი რომ არავინ არის? ტერორიზმს სტენიან კიდევ! ეს რა არის? მათ, განსხვავებით ძალიან ბევრი ქართველისგან, ღირსების გრძნობა აქვთ, არ კივიან და წივიან, თავს იცავენ გინდაც ქალები და გინდაც კაცები. პირველად გადავაწყდით ჩვენ, რომ თურმე, ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავს იცავენ. როდესაც სახელმწიფო თავს ესხმის მოსახლეობას, თან უსამართლოდ, მოსახლეობას უფლება აქვს, საკუთარი თავი დაიცვას. ეს არის საღვთოშიც და საეროშიც, ქრისტიანობაშიც და ისლამშიც. მსგავსი რამ ბიძინას რელიგიას არ ახასიათებს, მის რელიგიაში აბსოლუტური მორჩილებაა – მოციქულიც ის არის და ღვთაებაც...

ის ხალხი ვინ უნდა დაამშვიდოს? მათ მორიგეობა დაიწყეს, რადგან გახარიამ თქვა, ხალხი უნდა დავიჭიროო. იმ მოხუც ქალებს იჭერს გახარია? როგორ მაინტერესებს, რომ შევლენ, როგორ დაიჭერენ? ჰგონიათ, გათოკავენ, წამოიყვანენ და იქ კაციშვილი ხმას არ ამოიღებს?!

- ამ შემთხვევაში ორი რამ არის რისკის ქვეშ: რასაც თქვენ ბრძანებთ, ხეობაში სიტუაციის გამწვავებადა მეორე: პოლიციის, ასე ვთქვათ, იმიჯი...

- ჩემო კარგო, უფრო რთული ისაა, ხისა და ქვის მაგივრად ცეცხლსასროლი იარაღი რომ იქნება. ჩვენ და არც ჩვენს სპეცსამსახურებს დაახლოებითი მონაცემიც არ გვაქვს, რამდენია ნაომარი სირიაში. თითქოსდა თურქეთში სამუშაოდ რომ გადადიოდნენ, სინამდვილეში შეიძლება, ალეპოში ან სადმე სხვაგან ომობდნენ. ეტყობა რამეს, რომ ეს იცის ჩვენმა უშიშროებამ? რამე რომ იცოდეს, ხომ გააფრთხილებდა შს სამინისტროს – არ შეხვიდეთ, სახიფათოაო. ვინმე თურნავას [ეკონომიკის მინისტრი] ჭკუაზე დადის საქართველო. როდის მერე მოხდა, რომ სამინისტროები პოლიციას ქირაობენ?! მეც მინდა ტრაქტორის ვენახში შეყვანა და მომეხმაროს პოლიცია!

- ადგილობრივები დიდი ხანია, ლაპარაკობენ, რომ ხელისუფლება ხეობის მართვას ძალისგამოყენებით ცდილობს...

- ზუსტად ასე იყო.

- შესაბამისად, ადგილზე არსებული განწყობების შესახებაც ხომ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია დარატომ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა?

- როგორ შეატყვეთ გუშინწინ, მოსახლეობის განწყობაზე აქვთ ინფორმაცია? ინფორმაცია ასე არ მოიპოვება, ინფორმაცია მოიპოვება კეთილგანწყობით! როდესაც ადამიანებთან ნდობაში შედიხარ, მათ ღირსეულად ექცევი, ისინიც გეხსნებიან, ინფორმაციასაც იღებ და არა ასე - გადაგივლითო! მივიდნენ და გადაუარონ აბა, რატომ ვერ გადაუარეს? ჩეჩნებთან, ინგუშებთან და ისლამთან გვინდა ომი?! - კი ბატონო.

- ნდობის რესურსს ვერ ხედავთ?

- ვერა, იმათ ნდობა არ ექნებათ. ისინი სხვანაირი ხალხია. როდესაც ერთხელ გატყდება, იმის გამთელებაზე ისინი აღარ წამოვლენ. ერთადერთი გამოსავალია: ხელისუფლება შეიცვალოს.

- 1–წლიან პერსპექტივაში ბევრი რამ შეიძლება, რომ მოხდეს...

- ვიცი, რაცაა გასაკეთებელი, მაგრამ ვერ გეტყვით, არც გეტყვით და საშუალებაც არ მაქვს. როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, პანკისში იდეალური სიწყნარე იყო, რადგან მათთან მუდმივი კონტაქტი მქონდა. ახლა იხილეთ, ვინ არის კომიტეტის თავმჯდომარე, მოიკითხეთ მისი პროფესია და ჰკითხეთ, რა პროექტით იმუშავებენ პანკისში... მე პასუხს არაფერზე ვაგებ.   

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S