
ტოტალური თვითიზოლაცია: სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მოქმედი ექიმი დარჩა
22/05/2020 07:44:37 კონფლიქტები
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსები თითქმის აღარ დარჩნენ: მთელი მედპერსონალი თვითიზოლაციაშია იმ პაციენტებთან დაუცველი კონტაქტის გამო, რომელთაც შემდგომში COVID-19 დაუდასტურდათ.
«სავალალო მდგომარეობა გვაქვს: აღარც ექიმი დარჩა, აღარც მედდები. ერთადერთი მე ვარ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბავშვებთან მიწევს მუშაობა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ზრდასრულებთანაც მომიწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია», — აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი მადინა ბუთბა.
ირკვევა, რომ მედიკოსები, რომლებიც სამ ინფიცირებულს ეკონტაქტნენ, დაცვის საშუალებების გარეშე იმყოფებოდნენ. ეს – მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების წყალობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა კლინიკა ამ დროისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითაა აღჭურვილი, მარაგი ჯერ-ჯერობით საკმარისია და მედპერსონალს უსაფრთხოების ზომების დაცვის მკაცრი დირექტივა აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის ინფექციური საავადმყოფო კოვიდ-ინფიცირებულთა მისაღებად არ არის განკუთვნილი. მის ტერიტორიაზე უბრალოდ სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო პუნქტი მოქმედებს და კოვიდ-დადებით პაციენტებს გუდაუთის კლინიკაში აგზავნის.
ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.