თურნავა აცხადებს, რომ ტერმინი "ღრმაწყლოვანი", პოლიტიზირებულია

22-05-2020 14:22:27 ეკონომიკა

ეკონომიკის მინიტრის ნათია თურნავას განცხადებით, შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი იქნება ღრმაწყლოვანი.

მისივე განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი. შესაბამისად, მინისტრის თქმით, ტერმინ ღრმაწყლოვანის პოლიტიზირება და მისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება აწყობდა იმას, ვინც ამით საკუთარ წარუმატებლობას ფარავდა.

ინფორმაციისთვის: საქართველოში არსებული არც ერთი პორტი ღრმაწყლოვანი არაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე პანამქსის ტიპის ხომალდებს, რომელსაც 65 ათას ტონაზე მეტი ამწეობის შესაძლებლობა აქვს, ასეთი პორტი უნდა იყოს ღრმაწყლოვანი. ეს არის ნებისმიერი პორტი, სადაც სიღრმე აკვატორიის არის 10 მეტრზე მეტი. დღესდღეობით ფოთის მოქმედი პორტი და მისი აკვატორია არის, დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთქვათ, 8 მეტრის სიღრმის, თუმცა გარკვეული ადგილები არის 10-მეტრიანი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, მათ შორის, რიონის დელტაში, უნდა იყოს უფრო თანამედროვე სტანდარტის და უნდა იყოს 10 მეტრზე მეტი სიღრმის. ის ფაქტი, რომ თუნდაც „პეისის“ პროექტი და ალბათ, მომავალში „ეიპიემ ტერმინალსის“ პროექტი, ორივე ამ გაგებით ღრმაწყლოვანია, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს ვითარდება, იმისთვის, რომ იყოს კონკურენტული. ამიტომ თვითონ ამ ტერმინის, ღრმაწყლოვანი, პოლიტიზირება, რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამისთვის მინიჭება, ალბათ, აწყობდა იმას, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ნებისმიერი თანამედროვე პორტი შავ ზღვაზე, ალბათ, იქნება ამ გაგებით ღრმაწყლოვანი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები