აშშ–ის CDC : „COVID-19 ადამიანიდან ადამიანზე უფრო ვრცელდება, ვიდრე საგნების ზედაპირებზე შეხებით ან ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით“

22-05-2020 16:48:15 მსოფლიო

COVID-19 ადამიანიდან ადამიანზე უფრო ვრცელდება, ვიდრე საგნების ზედაპირებზე შეხებით ან ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, – ამის შესახებ აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

„ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ადვილად გადაეცემა და ეს უმეტეს შემთხვევაში ახლო კონტაქტის დროს ხდება. დაავადება ასე ადვილად არ ვრცელდება საგნების ზედაპირებზე შეხებით ან ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით“, – ნათქვამია კვლევაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპიკერი, კრისტენ ნორდლუნდი აცხადებს, ვირუსი ყველაზე ხშირად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით ვრცელდება და ამიტომ სოციალური დისტანციის ზომების შენარჩუნება ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

მისივე თქმით, დისტანცია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, ისევ უცვლელია და ორ მეტრს შეადგენს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 334 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 199 000–ს გადააჭარბა, 2 086 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები