
2 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი მასალის დამზადება დასჯადი იქნება
22/05/2020 12:46:05 სამართალი
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი მასალის დამზადება, რეკლამირება, გამოყენება, გადაზიდვა და ა.შ. დასჯდადი ქმედება ხდება.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3431 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთით.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული ქმედებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირები - 300 ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.