
ტანზანიის პრეზიდენტი: "ქვეყანამ Covid-19 ლოცვის ძალით დაამარცხა"
22/05/2020 12:56:57 მსოფლიო
ტანზანიის პრეზიდენტ ჯონ მაგაფულის განცხადებით, ქვეყანამ Covid-19 ლოცვის ძალით დაამარცხა. 60–მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტმა უარი განაცხადა, დაეხურათ ეკლესიები და მეჩეთები.
მარტში მაგაფულიმ "Covid-19–ის დასამარცხებლად" 3–დღიანი ეროვნული ლოცვის დღე გამოაცხადა.
მთავრობის განცხადების საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ უფლებადამცველები. მათი თქმით, ტანზანია ვირუსით ინფიცირების რეალურ მაჩვენებელს მალავს.
როგორც AP იუწყება, ტანზანიაში ყველა, ვინც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებდა, დააპატიმრეს ან დააჯარიმეს. ოპოზიციონერი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ მათი ტელეფონები მუდმივად ისმინება.
ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, ტანზანიაში კორონავირუსის 509 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 21 ადამიანი ემსხვერპლა.