სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს საქართველოს კოვიდ-სტატისტიკაში ეჭვი შეაქვს

22-05-2020 17:12:04 საგარეო პოლიტიკა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს ოფიციალური ქართული კოვიდ-სტატისტიკის მიმართ ეჭვები აქვს.

«როდესაც საქართველოდან შემოსულ მძღოლებს ტესტირებას ვუტარებთ, ხშირ შემთხვევაში ტესტი დადებით შედეგს აჩვენებს. მაშ შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს, რომ საქართველოში დღიურად მართლაც 1-2 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუ უბრალოდ ყველა არსებული შემთხვევა არ ვლინდება, ან არ აღირცხება ოფიციალურ სტატისტიკაში?», - განაცხადა დღეს მინისტრმა.

Arminfo-ს ცნობით, მან კიდევ რამდენიმე კონკრეტული კითხვა გააჟღერა, კერძოდ, დაინტერესდა, რომელი ტესტები იყო გამოყენებული საქართველოში ფიქსირებულ შემთხვევებში და ხომ არ ყოფილა ისინი ე.წ. სწრაფი, რომელსაც სომხეთში პრაქტუკულად აღარ იყენებენ მათი დაბალი სიზუსტის გამო? უტარდებათ თუ არა საქართველოში ტესტირება მოქალქეებს, რომელთაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სუსტი სიმპტომატიკა აღენიშნებათ? გათვალისწინებულია თუ არა სტატისტიკაში შემთხვევები, რომლებშიც პაციენტი პნევმონიით გარდაიცვალა, მაგრამ ამავდროულად კოვიდ-ინფექციაც ჰქონდათ დიაგნოსტირებული?

ტოროსიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხური ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე ძლიერია:

«ქართული ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება სომხურისგან, თანაც არა მათ სასარგებლოდ. ჩვენი უფრო მძლავრია და ეს ფაქტია”.

მინისტრს აინტერესებს ისიც, რამდენად შეძლებენ საქართველო და სხვა სახელმწიფოები ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას.

ცნობისთვის: სომხეთში სადღეისოდ სულ 5928 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 2874, გარდაიცვალა 74 მოქალაქე. საქართველოში კი ეს მაჩვენებლები შესაბამისად 723-ს, 495-ს და 12-ს შეადგენს.

იხილეთ ასევე: ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეჭვებს „ღიმილისმომგვრელი“ უწოდა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები