შიდა ქართლის რეგიონში ფერმერები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს გაეცნენ

23-05-2020 11:25:54 ეკონომიკა ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს ფერმერებს აცნობენ. ამის შესახებ „აქცენტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში ფერმერებს მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი შეხვდნენ.

ნატალია ხარატიშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის -„ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებულ როგორც პირდაპირი, ასევე სექტორული მიმართულების პროგრამებზე ისაუბრა და ფერმერებს დეტალურად გააცნო როგორც პროგრამების მნიშვნელობა, ასევე ის ტექნიკური დეტალები, რაც მათ პროგრამით სარგებლობისთვის უნდა იცოდნენ.

როგორც მხარის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.

უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა არაერთ პროგრამას ითვალისწინებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში, 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე დახმარებას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები