კოვიდიოტების ჟამი: რატომ არ სჯერათ ადამიანებს COVID-19-ის არსებობის და რით არის ეს საშიში

24-05-2020 11:38:00 საზოგადოება ,მითები და რეალობა ,ანალიზი

ვინ არიან კოვიდიოტები

2020 წელს ბრიტანული სლენგის ონლაინ-ლექსიკონ Urban Dictionary-ში გაჩნდა ახალი სიტყვა – კოვიდიოტი (Covidiot). იგი ძირეული COVID‑19-ისგან (დაავადება, რომელსაც ვირუსი SARS‑CoV‑2 იწვევს) და “იდიოტისგან” (idiot) არის წარმოებული.

კოვიდიოტებად ორი კატეგორიის ადამიანებს მოიაზრებენ:

• მათ, ვინც იშენებს ბუნკერს და პირამდე ავსებს მას ტუალეტის ქაღალდითა და კონსერვებით, ამასთან, საერთოდ არ ადარდებს, დარჩება თუ არა მაღაზიაში პროდუქტი მეზობლებისთვის, - მთავარია, მათ ამ მარაგით 2134 წლამდე მიაღწიონ.

• მათ, ვინც კორონავირუსის არსებობას ან მის რეალურ საშიშროებას უარყოფს.

დღეს ამ უკანასკნელებზე ვისაუბრებთ. მათ სხვაგვარად კორონავირუსულ დისიდენტებსაც უწოდებენ – აივ-დისიდენტების, ანუ იმ ადამიანების ანალოგიით, ვინც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის არსებობას გამორიცხავს. მაგრამ კორონავირუსის შემთხვევაში შედეგები შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე იყოს.

რას ფიქრობენ ვირუსზე კოვიდიოტები

ადამიანთა სხვა ნებისმიერი არაერთგვაროვანი ჯგუფის მსგავსად, კორონავირუსულ დისიდენტებს COVID‑19-ის შესახებ ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ჩამოვთვლით მათი მოსაზრებების მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს.

1. “კორონავირუსი მონაგონია, პანიკას კი ხელოვნურად ქმნიან:”ამ ჯგუფში შემავალ კოვიდიოტებს სწამთ, რომ ვირუსი არ არსებობს. ისინი მთელი რწმენით ყვებიან, ვის აწყობდა მსოფლიოში პანდემიის გამოცხადება. ამასთან, მათი “ჩვენებები” შეიძლება, დღიდან დღემდე იცვლებოდეს. სანამ შეზღუდვები მხოლოდ ჩინეთში მოქმედებდა, ითვლებოდა, რომ კორონავირუსი მოწოდებული იყო, ამ ქვეყნის ეკონომიკა გაენადგურებინა და ჩინეთი მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლის ველიდან “გაეგდო”. მოგვიანებით საქმეში სხვა კონსპიროლოგიური თეორიები ჩაერთო:

• ვირუსი ხელისუფლებებმა გამოიგონეს იმისთვის, რომ ადამიანები სახლებში გამოკეტონ და უკეთ აკონტროლონ;

• ფეიქი კორონავირუსის შესახებ ვაქცინების მწარმოებლებმა გაავრცელეს, რომელთაც ამ გზით გამდიდრება სურთ;

• მსოფლიო მთავრობამ გადაწყვიტა, შეექმნა პირობები ხალხის გასაღატაკებლად და ამ ფონზე ოლიგარქიის ასამაღლებლად;

• ყველაფერში ტრამპია დამნაშავე.

ამგვარად, ვერსია ბევრია და მათ ერთი აქვთ საერთო: “კორონავირუსი არ არსებობს, ყველა მონაცემი მისი გადამდებობის შესახებ ფალსიფიცირებულია, მედიის წარმომადგენლები თაღლითები არიან, ხოლო ვინც მათ უჯერებს – ბეცები, რომლებიც შეშინდნენ და სახლებში გამოიკეტნენ”. როგორ “ეწერება” ამ ვერსიებში ათასობით გარდაცვლილი – მთლად გასაგები არ არის, – ალბათ, იტყვიან, “უამრავი მსახიობი დაიქირავეს, რომლებმაც როლს კარგად გაართვეს თავიო”.

2. “კორონავირუსი არსებობს, მაგრამ ის არც იმდენად საშიშია:”საკმაოდ გავრცელებულია COVID‑19-ის შედარება გრიპთან: “ორივე გადამდებია, მსგავსი სიმპტომებით და გრიპის გართულებებისგანაც იღუპებიან. მაგრამ გრიპის სეზონური ეპიდემიები არავის აშინებს, ასე არ არის? მთელი ქვეყნების მოსახლეობას სახლში ჯდომას არავინ აიძულებს, ეკონომიკებს რისკის ქვეშ არავინ აყენებს... მაშასადამე, ახლა ხელოვნურად ქმნიან ქარიშხალს ჭიქა წყაში – ან სიბეცის გამო, ან იმიტომ, რომ ეს ვიღაცას რაღაცაში დასჭირდაო”.

რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეშმაკობაა: მსგავსებების მიუხედავად, COVID‑19 ჩვეულებრივ გრიპზე გაცილებით საშიშია და აი, რატომ:

• ახასიათებს უფრო ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი – 14-დღიანი, მაშინ, როცა ჩვულებრივ გრიპს – მხოლოდ 4-დღიანი; ჯერ უსიმპტომო ადამიანი უკვე ინფიცირების წყაროს წარმოადგენს გარეშემომყოფთათვის და 14 დღის განმავლობაში ვირუსი შეიძლება, გაცილებით მეტ ადამიანს გადასცეს. ამჟამად ეს თანაფარდობა შეადგენს დაახლოებით 1,3 ადამიანს – ჩვეულებრივი გრიპის და 2–2,5 ადამიანს – კორონავირუსის შემთხვევაში.

• ჰოსპიტალიზების აუცილებლობა: ჩვეულებრივი გრიპის დროს კლინიკებში ინფიცირებულთა დაახლოებით 2% ხვდება, კორონავირუსის შემთხვევაში - 19-20%.

• ლეტალურობა: ჩვეულებრივი გრიპის დროს იგი 0,1%-ზე დაბალია, კორონავირუსის შემთხვევაში კი დაახლოებით 3,4%-ს აღწევს.

• ვაქცინაცია: კორონავირუსისგან ვაქცინა ამ დრომდე არ არსებობს, მაშინ, როცა ჩვეულებრივი გრიპის შტამებისგან დაცვა უკვე დიდი ხანია, შესაძლებელია.

• კოლექტიური იმუნიტეტი: ადამიანის ორგანიზმები ახალ კორონავირუსს ჯერ არ იცნობენ, ამდენად მასზე სწორი დაცვით ყოველთვის როდი რეაგირებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპის ყველა სახეობით წელიწადში საშუალოდ 3,5–5 მილიონი ადამიანი ავადდება. COVID-19-ით უკვე დაინფიცირდა 2 მილიონზე მეტი. არადა, მსოფლიოში ფართოდ გავრცელება ვირუსმა მხოლოდ თებერვალში დაიწყო.

თუმცა დისიდენტები მხოლოდ გრიპით არ შემოიფარგლებიან. ისინი კორონავირუსს გადამდებობის მაღალი დონის მქონე სხვა დაავადებებსაც ადარებენ, მაგალითად წითელას. მართლაც, წითელასგან დღემდე ბევრი ადამიანი იღუპება: 2017 წელს მან 110 ათასი ადამიანის, უმთავრესად ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. მაგრამ ამ დაავადების გავრცელება ადვილად ბლოკირებადია ვაქცინაციით. ეპიდემიები ხდებოდა იქ, სადაც აცრები არ ტარდებოდა. და აქ დროული იქნება, მოკითხვა შევუთვალოთ იმ დისიდენტებს, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან.

3. “ალტერნატიული მედიცინა კორონავირუსისგან საიმედოდ დაგიცავთ: ”დისიდენტების ამ ნაწილის აზრით, ვირუსი არსებობს, მაგრამ ექიმების რჩევების გათვალისწინება არ ღირს: “რა ესმით მათ? მით უფრო, რომ არსებობს ალტერნატიული მედიცინა — ყველაზე სწორი სადღეისოდ არსებულებს შორის. თქვენ ნამდვილად არ დაავადდებით, თუ რეგულარულად მიიღებთ საკვებად ნიორს, სხვადასხვა ნაყენებს ლიმონს და ა.შ. გააკეთეთ ეს და უშიშრად იარეთ ქუჩებში – თქვენ საიმედოდ ხართ დაცულებიო”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რაშია აქ შეცდომა. კომიკოსმა ტიმ მინჩინმა ეს ასე ახსნა: “ალტერნატიული მედიცინა – ეს ის მედიცინაა, რომლის ეფექტურობაც ან არ არის დადასტურებული, ან დადასტურებულია მისი არაეფექტურობა. იცით, რა ჰქვია მედიცინას, რომლის ეფექტურობა დადასტურებულია? - უბრალოდ მედიცინა”.

4. “COVID‑19-ით დაავადებულები კორონავირუსის გამო არ კვდებიან:”მართლაც, გარდაცვლილთა უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ვიღაცას – დიაბეტი, ვიღაცას - ასთმა, ზოგს ორგანოები აკლდა… ისინი და მათთან ერთად ხანდაზმულები რისკ-ჯგუფში სწორედ იმიტომ შედიან, რომ ორგანიზმი უკვე დასუსტებულია და უფრო ცუდად უმკლავდება დამატებით ინფექციას.

ის, რომ “კორონავირუსი აქ არაფერ შუაშია” – წმინდა წყლის სპეკულაციაა: იგივე ლოგიკით იმის თქმაც შეიძლება, რომ “სიმაღლიდან ვარდნის გამო არ კვდებიან” - უშუალოდ სიკვდილს ხომ არა ვარდნა, არამედ ორგანოების ხეთქვა, მრავლობითი მოტეხილობები, ტკივილით გამოწვეული შოკი იწვევს; ცეცხლსასროლი იარაღი კი, ამ ლოგიკით, საერთოდ “უსაფრთხო” ყოფილა – სიკვდილს იწვევს არა იარაღი, არამედ სისხლდენა და დაზიანებები...

5. “ვირუსისგან დაცვას აზრი არ აქვს – მაინც დაავადდებით”: ამაზე არც არავინ დავობს. ადრე თუ გვიან, თქვენ, მაღალი ალბათობით, მართლაც დაავადდებით. შემზღუდავი ზომები კი მიიღება იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება, გვიან მოხდეს და არა ადრე. და აი, რატომ:

• ვირუსი ახალია, ამიტომაც ექიმები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები, როგორ ებრძოლონ ეფექტურად იმ გართულებებს, რომლებსაც ის იწვევს. მკურნალობის პროტოკოლები რეგულარულად ახლდება. მედიკოსები ეძებენ პრეპარატების იმ ერთობლიობას, რომელიც ლეტალობას შეამცირებს. შესაბამისად, რაც უფრო გვიან დაავადდებით, მით მეტი იქნება თქვენი ეფექტიანი მკურნალობის შანსი.

• კლინიკების, ხელოვნური სუნთქვის აპარატებისა და ექიმების რაოდენობა ულევი არ არის. შესაბამისად, რაც ნაკლები ადამიანი საჭიროებს მათ ერთდროულად, მით უკეთესია.

• მთელს მსოფლიოში მეცნიერები ვაქცინაზე მუშაობენ. თუ გაგიმართლებთ, მის გამოგონებამდე არ დაავადდებით.

რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ კორონავირუსი არ არსებობს

აქ ერთდროულად რამდენიმე მიზეზია:

1, გარდაუვალის მიღების სტადიაროგორც წესი, ადამიანი სერიოზული განსაცდელის დროს 5 სტადიას გაივლის: უარყოფა, აგრესია, ვაჭრობა, დეპრესია და მიღება. ასე ეგუება ფსიქიკა ახალ ვითარებას. პანდემია თავისუფლად შეიძლება, ჩაითვალოს სერიოზულ განსაცდელად და უარყოფა ამ შემთხვევაში მძლავრი დაცვითი მექანიზმია: “კორონავირუსი არ არსებობს – მაშასადამე, მალე ყველაფერი ისევ ნორმაში ჩადგება”.

2. მოქმედების გადადების მცდელობაათუ პრობლემის არსებობას ვაღიარებთ, ამას მოჰყვება სხვადასხვა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების აუცილებლობა. მაგალითად, ცხადი გახდება, რომ ეკონომიკა საფრთხეშია, მაშასადამე, საჭიროა ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ალტერნატივების მოძიება სამუშაოს დაკარგვის შემთხვევისთვის. ეს ყველაფერი უსიამოვნოა და მტკივნეული. გაცილებით ადვილია, თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არაფერი ხდებოდეს.

3. უნდობლობამრავალ ქვეყანაში პანდემიის ფონზე ხელისუფლებების რეიტინგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბევრი უნდობლობით ეკიდება იმას, რაც ოფიციალური სახელისუფლებო წყაროებისგან ესმის. რუსეთის შემთხვევაში, მაგალითად, ეს განსაკუთრებით ეხება სტატუსით გაუგებარ თვითიზოლაციას კარანტინის ნაცვლად და მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს საგანგებო მდგომარეობის არარსებობის პირობებში.

4. სხვების ფონზე “გაჯგიმვის” მცდელობასანამ მთელი მსოფლიო ჭკუიდან გადადის, დისიდენტი თავს რჩეულად გრძნობს: ის ხომ “საიდუმლოს შეეხო” და “ჭეშმარიტება გამოიცნო”, ახლა კი ისღა რჩება, დაელოდოს, როდის “აეხილებათ თვალი” დანარჩენებს და აღიარებენ მის “სიდიადეს”.

რით არის საშიში კორონავირუსული დისიდენტობა

რისიც არ უნდა სწამდეს კონკრეტულ კოვიდიოტს, მნიშვნელოვანია ერთი რამ: იგი არ იცავს რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს, რომლებმაც ვირუსის გავრცელება უნდა შეაკავოს. რაც მეტია ასეთი ადამიანი, მით მეტი იქნება ინფიცირებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰოსპიტალიზებას ინფიცირებულთა საშუალოდ 20% საჭიროებს, მაგრამ 1000 ადამიანის 20% და 100 000 ადამიანის 20% - ეს სულ სხვადასხვა ციფრებია. შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება იმის რისკი, რომ ვიღაცას სუნთქვის ხელოვნური მართვის აპარატი არ ეყოს, ვიღაცასთან კი კრიტიკულ მომენტში ექიმიც ვერ მივიდეს.

თხოვნებისა და მოთხოვნების იგნორირებას იქამდე მოვყავართ, რომ ხელისუფლებები შეზღუდვებსა და კონტროლს ამკაცრებენ.

კიდევ უარესია, როცა დისიდენტობა თავად ხელისუფლებაში აღწევს. ამის არაერთი მაგალითი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გვაქვს. მაგალითად, ბრაზილია სწორედ ახლა ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს კორონა-დისიდენტობის უმძიმეს შედეგებს იმკის.

აქ უნდა გავიხსენოთ, რით დაიწყო ყველაფერი — აივ-დისიდენტებით. ისინი იგივე სქემით მოქმედებენ და შედეგები უკვე ჩანს, მაგალითად რუსეთში. პრობლემაზე რომ თვალი დავხუჭოთ, ეს ლეტალური შედეგით დასრულდება. ტიუმენში შესაბამისი თერაპიის არჩატარების გამო 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მშობლებს აივ-ინფექციის არსებობის არ სჯეროდათ. პეტერბურგში ანალოგიურ გარემოებებში 4 წლის ბავშვი დაიღუპა. ეს შემთხვევები იმის გამო გახმაურდა, რომ ბავშვების მშობლები ორივე შემთხვევაში სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. თავად აივ-დისიდენტებისა და მათ მიერ “ინფიცირებული” მოქალაქეების სტატისტიკა კი, სამწუხაროდ, არ არსებობს.

SARS‑CoV‑2-ის შედარება შიდსთან არაკორექტულია: მეტისმეტად განსხვავებულია ეს ვირუსები. აი, აივ-დისიდენტების შედარება კოვიდიოტებთან — ძალიანაც კორექტული: ერთნიც და მეორენიც ექსპერიმენტებს ატარებენ გარშემომყოფ ადამიანებზე და ამ ექსპერიმენტების შედეგები შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს.

წყარო: lifehacker.ru

ახალი ამბები

სხვა სიახლეები