
"არ ვაპირებ, საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა"
24/05/2020 20:16:37 სამართალი
ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული, საზოგადოებას მიმართავს. განცხადება მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.
ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე.
არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები.
სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ" - აღნიშნავს ბრალდებული ჩოგბურთელი თავის მიმართვაში.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ეს თანხა გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.