ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

25-05-2020 15:41:58 სამართალი

"ლეიბორისტური პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. იგი თბილისში, ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებდა.

ჩხარტიშვილი ადგილზე სატვირთო მანქანებს წინ ჩაუდგა და ბეტონის დასხმის სამუშაოებში ხელის შეშლა სცადა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, დაეტოვებინა ადგილი ჩხარტიშვილი არ დაემორჩილა, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა).

"ეკოციდი გრძელდება", – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

დაკავებამდე ლაშა ჩხარტიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ვაზისუბანში კორპუსების ჩადგმა უკანონოდ იწყებოდა. სამუშაოებს აპროტესტებენ ადგილობრივებიც. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მერიას სარეკრეაციო ზონის მოწყობის თხოვნით მიმართეს, თუმცა მათ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შენება დაიწყეს. რაც შეეხება კომპანიის მეპატრონეს, რომელიც საცხოვრებელ სახლს აშენებს, მან აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის სრული დაცვით აქვს მოპოვებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები