საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის შემცირება იგეგმება

25-05-2020 18:11:09 სამართალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის შემცირება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.

პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა საქმიანობის ოპტიმიზაციისა და ფინანსების დაზოგვის მიზნით მცირდება.

კერძოდ, ცვლილებების გათვალისწინებით, თავმჯდომარეს მხოლოდ სამი მოადგილე ეყოლება. ესენი იქნებიან – პირველი მოადგილე, ერთი მოადგილე უმრავლესობიდან და ერთი მოადგილე ოპოზიციიდან.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ჰყავს – ხუთი უმრავლესობის წევრია, ორი ოპოზიციის წარმომადგენელი.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები