ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს

25-05-2020 18:47:19 სამართალი

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიას და მოქალაქე დათო ღურწკაიას ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მომხდარ დაპირისპირებას ღურწკაიას და აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის.

"საქართველოს პროკურატურამ ბ.შ.-ს და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.-მ რ.ზ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.-მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ევროპულ საქართველოში” შელიასთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.

“ბართლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში და მას კარგად იცნობს თავისი რაიონი. მარტო ეს დახასიათება საკმარისია იმისათვის, რომ “ქართული ოცნება” და მისი პროკურატურა მას მოექცეს ველურად. მე მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი, ძიუდოისტი “ჩამიდეს” და ბოლოში დამაბრალეს, რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი. დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება აქაც სიტუაცია”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები