თურნავა: "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს"

25-05-2020 19:12:57 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეებს ექსპორტზეც გაიტანენ.

ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო. მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა:

„ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას“.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ.

„ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად. ეს არის ის, თუ როგორ სწრაფად რეაგირებს ჩვენი კერძო სექტორი და ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რასაც ბევრი სხვა გიგანტი ქვეყანა ვერ უმკლავდება ასე წარმატებით", – განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები