გობრონიძე – პრეზიდენტის კომენტარზე: „თუ სამხედრო ინტერვენციაზე ვსაუბრობთ, კონკრეტული ინფორმაციაც უნდა არსებობდეს“

25-05-2020 20:56:20 კომენტარი

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, პრეზიდენტმა მეტი სიცხადე შეიტანოს განცხადებებში. საუბარია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ Financial Times-თან გამოთქმულ ეჭვზე, რომ ახალი კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს.

როგორც გობრონიძე „აქცენტთან“ განმარტავს, ნებისმიერი საფრთხე, მათ შორის ისედაც აგრესიული რუსეთისგან მომდინარე, კონკრეტული ინდიკატორებით ფასდება და თუ პრეზიდენტს ეს ინდიკატორები არ აქვს, მაშინ უნდა განმარტონ, რაში სჭირდება მსგავსი განცხადებების კეთება:

„აგრესიის მოსალოდნელობაზე მსჯელობა კონკრეტულ ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს. მაგალითად, თუ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში და საქართველოს საზღვრებთან იზრდება რუსული შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია; რუსულ შეიარაღებულ ძალებში სარდლობა განახლდა; მეორეს მხრივ – ქართულ მხარეს აქვს ოპერატიულ ინფორმაციაზე წვდომა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ამ ეტაპზე რაღაც შეტევით ოპერაციას ამზადებს და ა.შ. ყველაფერი დანარჩენი ჰიპოთეტური მსჯელობაა. რუსეთი კი არ შეიძლება, აგრესიული გახდეს, რუსეთი აგრესიულია: ვხედავთ, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უმძიმეს პანდემიას რუსეთისთვის ხელი არ შეუშლია, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება გაუმწაროს; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნას – ეს განგრძობადი აგრესიის აქტებია. მეორეს მხრივ – თუ ვსაუბრობთ სამხედრო ინტერვენციაზე, ალბათ, რამე კონკრეტული ინფორმაცია უნდა არსებობდეს, რასაც შეიძლება, კონკრეტული ვარაუდი დაეყრდნოს. კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი იმასაც იტყვის, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით (გარდა იმისა, რომ რუსეთში კრიზისია) ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია შეიძლება, კიდევ უფრო მეტად აგრესიული გახდეს, ვიდრე არის“,– ამბობს გობრონიძე და დასძენს, „რუსეთის საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებითაც არსებობს, სადაც თავისი სამხედრო მანქანითაა ჩართული და განსახილველია, კრიზისის პირობებში ბევრ ფრონტზე ხომ არ უწევს თავისი რესურსების გაშლა“.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ ახალი კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს.

„პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ, ასევე ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა Financial Times-თან საუბრისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები