
აფხაზეთის მკვიდრებს ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნება 26 მაისიდან შეეძლებათ
26/05/2020 08:22:41 კონფლიქტები
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას 26 მაისიდან შეძლებენ.
«მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში შემოსვლას დააპირებენ, თან უნდა ჰქონდეთ ცნობა კორონავირუსზე ტესტის გავლისა და მისი უარყოფითი პასუხის შესახებ. ასეთის არქონის შემთხვევაში მათ ტესტი საზღვარზე ჩაუტარდებათ», - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ადგილობრივმა “Гал ТВ”-მ გაავრცელა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესული ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, 14-დღიანი კარანტინი გაიაროს, რასაც დე ფაქტო უშიშროების, შსს-ს და ჯანდაცვის ორგანოები გააკონტროლებენ.
სადღეისოდ აფხაზეთში 28 კოვიდ-ინფიცირებულია გამოვლენილი, განიკურნა 14, გარდაცვლილია ერთი.
ცნობისთვის: კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მოტივით აფხაზეთმა დე ფაქტო საზღვრები როგორც რუსეთთან, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან ჩაკეტა.
მარტსა და აპრილში აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, გაგრისა და გალის რაიონებში კი – კომენდანტის საათიც. მაისში ოკუპირებულ რეგიონში შეზღუდვები შეარბილეს, კერძოდ, გაიხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სილამაზის სალონები, თუმცა გარკვეული პირობებით, ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. თუმცა რიგი საკარანტინო ღონისძიებები ივნისამდე გაახანგრძლივეს.