"მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები"

26-05-2020 12:33:23 საშინაო პოლიტიკა

"მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

"102 წლის წინ, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ მალევე საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაჩერა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის განმტკიცებაში. საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები არის ის, რითიც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს, რომელსაც არაერთი ომი გადაუტანია, წელს ახალ უხილავ მტერთან, კორონავირუსთან მოუწია ბრძოლამ და ამ ბრძოლაში მოპოვებული წარმატებით შედეგად "შევძელით სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში, კიდევ ერთხელ გვეამყა ჩვენი სახელმწიფოთი, ჩვენი საზოგადოებით."

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებში მომუშავე სამხედროებს და მათ მიმართა, რომ "საქართველოს სახელმწიფო მოწოდებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის დაცვისა და განვითარებისთვის. საქართველოს სახელმწიფო ყველა თქვენგანს ეკუთვნის."

ახალი ამბები

სხვა სიახლეები