
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიცილაური პირები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
26/05/2020 10:50:59 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიცილაური პირები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
გთავაზობთ მსოფლიო ლიდერებისა და სხვა ოფიცილაური პირების მისალოც წერილებს.
აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს! ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე – ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.
გარდა პრეზიდენტ ტრამპისა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ელჩმა კელი დეგნანმა და კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც მიულოცეს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი
„დღეს აღინიშნება თანამედროვე ქართული სახელწიფოს დაფუძნების დღე. ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლისთავზე, საქართველომ, თავისი ხალხის სიმამაცით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით, თანმიმდევრულად გადალახა გამოწვევები და დაამკვიდრა თავისუფლების საფუძვლები. ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სახელით მინდა გულთბილი მილოცვა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , - აცხადებს დეივიდ ნორქუისტი.
„დღეს, როდესაც ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მიესალმება თქვენს ძალისხმევას თავისუფლების, თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს და ვამაყობთ ერთობლივი მიღწევებით. დაე, თქვენმა ერმა და ჩვენმა პარტნიორობამ გააგრძელოს წინსვლა მომავალ წლებშიც. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , - აცხადებს ქეთრინ ვილბარგერი.
„საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სახელით გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა. გთხოვთ, მიიღოთ როგორც ჩემი გულთბილი მილოცვა ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ასევე საუკეთესო სურვილები მშვიდობიანი, თავისუფალი, წარმატებული მომავლისთვის“ , - აცხადებს ლაურა კუპერი.
„საქართველოში მყოფი აშშ-ს თავდაცვის გუნდის სახელით, მინდა ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვერ შეძლებთ დამოუკიდებლობის დღის წესისამებრ საზეიმოდ აღნიშვნას, ვიმედოვნებ, რომ მაინც დატკბეთ ამ მომენტით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მეგობრობის, თანამშრომლობის და უმთავრესად, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის. საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , - აცხადებს სტეფანი ბაგლი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
„ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას, და თქვენ შეძლებთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში დაწყებული რეფორმების მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა, სრულად შეესაბამება ამ პერსპექტივას. საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი განმტკიცდა „დიმიტრი ამილახვარის“ სახელობის სტრუქტურული დიალოგის დაარსებით, რომელიც დავიწყეთ პარიზში თქვენი ვიზიტისას, 2019 წლის თებერვალში, და რომლის პირველი რაუნდი პარიზში, გასულ დეკემბერში გაიხსნა. დაე, მომავალმა თვეებმა შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი ურთიერთობა გავაღრმაოთ, კერძოდ განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ლექციების დაწყებით, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური. ემანუელ მაკრონი“, – ნათქვამია მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე
„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას“, – ნათქვამია ელისაბედ მეორეს განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენელი
"ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. გერმანია თქვენს გვერდით დგას, როგორც მეგობარი და პარტნიორი ამ გამოწვევებით აღსავსე დროს. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მოუთმენლად ველოდები თქვენს ლამაზ ქვეყანაში კიდევ ერთხელ სტუმრობას“, – აცხადებს მიხაელ ზიბერტი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„გამოვხატავთ ჩვენს გულთბილ მილოცვას ჩვენი მეგობარი ქართველ ხალხის მიმართ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი აღმოჩნდა, ქართველმა ხალხმა იმ სამი წლის განმავლობაში საოცარი ნაბიჯები გადადგა. მიზანდასახულმა და აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით გაუსწრო დროს და დემოკრატიულ იდეალებსა და თანასწორობას ემყარებოდა. საკუთარი ქვეყნის ისტორიის გახსენება და შეხსენება იმისა, რომ ხშირად, თავისუფლება საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის, თუ რას ნიშნავს, ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქართველოში. საქართველო ევროპაში კუთვნილ ადგილს იკავებს, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სწორედ ასეთ მყარ საფუძველზე დგას ჩვენი მეგობრობა, რითაც საერთო გამოწვევებს ვუმკლავდებით. დღევანდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და აჩვენეს, თუ რას გულისხმობს ეს მეგობრობა", – განაცხადა ელჩმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი
„მაქვს პატივი და სიამოვნება, გამოვხატო ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ეფუძნება ურთიერთგაგებას და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნავს მინისტრი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ
"ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში გაღრმავდება ყველა შესაძლო სფეროში და გააგრძელებს ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას", – აცხადებს მინისტრი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი
"ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. ევროპული გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, არა მხოლოდ ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციისკენ მიგვიყვანს, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების განმტკიცებაში", – აცხადებს მინისტრი.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ
"ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. მინდა ვისარგებლო შემხთვევით და გამოვხატო ჩემი კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებსა და ინსტიტუციებს შორის შემდგარ შესანიშნავ დიალოგთან დაკავშირებით. მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში", –აცხადებს მინისტრი.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარიშნი
"მე, ჩემი მთავრობა და ჩემი ქვეყანა გულწრფელად ვულოცავთ ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ლატვიასა და საქართველოს მრავალწლიანი მჭიდრო და თბილი ურთიერთობა აკავშირებს. მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. დღეგრძელობა საქართველოს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სრულიად საქართველოს მცხოვრებლებს"- აცხადებს კრიშიანის კარიშნი.
ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო გუტიერეს ლიმონესი
„სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯომარის რანგში მსურს მოგილოცოთ ქართველ ხალხს 26 მაისის ეროვნული დღესასწაული, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ესპანეთი და საქართველო ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობას, რათა ერთად დავძლიოთ კოვიდ - 19 გამოწვეული კრიზისი და ჩვენი ქვეყნებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ“ , - აცხადებს ლომონესი.
შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ამ რთულ პერიოდში, შვეიცარია რჩება საქართველოს გვერდით და ადასტურებს მის მხარდაჭერას მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისადმი. დაე, განვაგრძოთ ჩვენი შესანიშნავი პარტნიორობა, რომელიც ისეთ საერთო ღირებულებეზეა აგებული, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, სოლიდარობა და მრავალფეროვნება“,-აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი
„1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა და ეს იყო დიდი ისტორიული მონაპოვარი. დაარსების პირველივე დღიდან საქართველოს რესპუბლიკამ გამოამჟღავნა ერთგულება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი, თანასწორობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებისადმი. მან ეს გააკეთა ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაზე უფრო ადრე, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის სიამაყის საფუძველია: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“-აცხადებს რან გიდორი.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აქტიური კონტაქტები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ განვავრცოთ თანამშრომლობა და დავნერგოთ ერთობლივი პროექტები ბევრი მიმართულებით“, – აცხადებს ლუკაშენკო
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი
„გვსურს ქართველ ხალხს გავუგზავნოთ ყველაზე გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ლიეტუვა თქვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია. მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“,– აცხადებს მინისტრი.
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი
„უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს“, — აღნიშნულია მირზიოევის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნათსაკიანი
"თბილი მილოცვა საქართველოს, მის ხალხსა და მთავრობის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ დიდად ვაფასებთ სომხეთ-საქართველოს მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია ისტორიაზე, საერთო ღირებულებებზე და თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხანგრძლივ დინამიკაზე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს მინისტრი.
ევროპის სახალხო პარტია (EPP)
"ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ქართველ მეგობრებს“, – აცხადებს პარტია.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი
„გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! დეოკუპაცია რუსული ძალებისგან, დემოკრატიის გაძლიერება და სხვა პრობლემები დგას თქვენს გზაზე სრული დამოუკიდებლობისგან. ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ. ვიზიარებთ საერთო ევროპულ წარსულსა და საერთო ევროპულ მომავალს“, –აცხადებს კრამონი.
უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანიტუკრი ინტეგრაციის საკთხებში ვადიმ პრისტაიკო
„ჩემი გულითადი მილოცვა ჩვენ ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. თქვენი ძალა და თავისუფლებისადმი ერთგულება ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა. მჯერა, რომ უკრაინისა და საქართველოს პარტნიორობა გვაძლიერებს და ჩვენ ერთად მოვიტანთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“, – აცხადებს პრისტაიკო.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! თქვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და ძალიან ბევრს შრომობთ მის შესანარჩუნებლად. გილოცავთ!“,- წერს აპატურაი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.
ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეშაქ ჯაჰანგირი:
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! ვიმედოვნებ, თეირანი და თბილისი ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს განავითარებენ“.
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი
„კეთილი სურვილები ჩემს კოლეგას დავით ზალკალიანს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 2019 წელს ხელი მოვაწერეთ დიპლომატიური კავშირების დამყარების ოქმს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავი დავიწყეთ. გილოცავთ ეროვნული დღეს, ძვირფასო მეგობრებო!“, - აცხადებს დიმიტროვი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
"გულთბილად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 100 წელზე მეტი ხსნის წინ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა გამოხატა მათი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება. დღესაც, საქართველო იცავს მეოცე საუკუნეში გაცხადებულ გადაწყვეტილებას და აგრძელებს თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. საუკუნეების განმავლობაში სომხურ-ქართული ურთიერთობები ღრმა პატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დაფუძნებული, რისი კარგი მაგალითიც არის მიმდინარე მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი დიალოგი. თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ სომხეთი მოხარულია მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევით. საქართველოს სომხეთის სახით ჰყავს საიმედო მეგობარი და მეზობელი. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძალიან ვაფასებ ჩვენ ორ მთავრობას შორის არსებულ თანამშრომლობას „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით შეუწყვეტელი ტვირთების ტრანსპორტირებისა და მოქალაქეების რეპატრიაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ვერ გადავლახავთ კაცობრიობის წინაშე არსებულ ამ განსაცდელს. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, წარმატება თქვენს საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ასევე კარგი ჯანმრთელობა და გამძლეობა“, – ნათქვამია ფაშინიანის მიერ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგხავნილ მისალოც წერილში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შესძლო.