
ხელიდან გაშვებული და ჰორიზონტზე გამოჩენილი შესაძლებლობები
26/05/2020 13:14:30 ანალიზი
„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“, „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“, – ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რომლის გამონათქვამების მოხმობა უყვართ ხოლმე პოპულისტ ქართველ პოლიტიკოსებს (რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ილიას ახდენილ ოცნებაში – დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ), მაგრამ როცა საქმე მის კიდევ ერთ გამონათქვამზე მიდგება – „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“ – საქმე მწყრალადაა, საქართველოში სადღეგრძელოები უფრო უყვართ... თუ ილიას მივყვებით, „ბედი კი არ ქმნის კაცს, არამედ კაცი ქმნის ბედს“ და ეს ბედი რომ შექმნა, არა ტრავმებით შიშში ცხოვრება, დაშვებული შეცდომების გააზრებაც მნიშვნელოვანია. ეს კიდევ უფრო აქტუალურია პოლარიზებულ გარემოში, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები მოქალაქეების ერთმანეთზე დაგეშვას არ ერიდებიან, არადა ამ ქვეყანას კოლექტიური სუიციდის – სამოქალაქო ომის გამოცდილება არც თუ შორეულ წარსულში აქვს. სწორედ ამ მიზნით „აქცენტმა“ ქართველ ანალიტიკოსებს მიმართა კითხვით, მაინც რა შესაძლებლობები გაუშვა ქვეყანამ ხელიდან განვლილი წლების განმავლობაში და რა მოჩანს ჰორიზონტზე, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ სახელმწიფო, რომელიც უპირველესი ამოცანის – საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის დაცვას შეძლებს.
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები
ამ კონტექსტში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია 1990–იან წლებს იხსენებს, როდესაც ბალტიის ქვეყნებმა ეროვნული პროექტების გარშემო კონსოლიდაცია შეძლეს, საქართველო კი სამოქალაქო ომში გაეხვა.
„კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში: ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლო, ამას დაემატა კონფლიქტები, რუსეთთან გართულებული ურთიერთობა – რეალურად, ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნებს, ჰქონდა შესაძლებლობების "ფანჯარა", დაეწყო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, გამხდარიყო ნატო–სა და ევროკავშირის წევრი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება, ეს ცოტა უცნაურად და უტოპიურად მოჩანს, მაგრამ მაშინ რუსეთი სუსტი იყო. შესაძლებლობა ბალტიის ქვეყნებმა კარგად გამოიყენეს. ეს მათთვისაც არ იყო მარტივი გზა: მათაც ეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს გახდებოდნენ ევროკავშირის და ნატო–ს წევრები, მაგრამ მათ ჩვენგან განსხვავებით ეს პერიოდი კონსოლიდაციისთვის, რეგიონული ერთიანობისთვის გამოიყენეს, ჩვენ კი ჩავაფლავეთ და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა წინ წაგვეწია, რამდენიმე ათეული წლით უკან დავხიეთ როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ–ეკონომიკური თვალსაზრისით“.
საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის შეფასებით, საქართველოს ისტორია, დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ერთის მხრივ, ბედნიერების ისტორიაა, რომ სახელმწიფო გვაქვს, ხოლო მეორეს მხრივ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების:
„ჩვენ ბევრ რამეზე არ ვიფიქრეთ და არ ვიმსჯელეთ. ნოლიდან ვიწყებთ სახელმწიფოს მშენებლობას და მარტივ კითხვას უნდა ვუპასუხოთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, რა გვინდა ამ ქვეყნისგან და რა უნდა იყოს ამ სახელმწიფოს ადგილი მსოფლიოში – რას ვთავაზობთ თანამედროვე ცივილიზებულ კაცობრიობას? მეორე, რამდენადაც ჩვენ ფუნქციური ერთიანი საქართველო მე–15 საუკუნის შემდეგ არ გვქონია და ესეც გამოწვევაა, რადგან ამ პერიოდში ჩვენი საზოგადოება არ ვითარდებოდა, როგორც საზოგადოება, რომელსაც სახელმწიფო აქვს. ეს გამოწვევასთან ერთად შესაძლებლობაცაა, სხვისი შეცდომების, ისტორიული მაგალითების, შენი ერის საჭიროებაზე მორგებული ქვეყანა შექმნა, რომელიც შეძლებს და თითოეულ ადამიანს დაიცავს, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რადგან ამაზე საფიქრელად ვერ მოვიცალეთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერ გავიაზრეთ, რა პასუხისმგებლობა ავიღეთ ქვეყნის წინაშე: დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომის ქარ–ცეცხლში გავეხვიეთ და ეს, რა თქმა უნდა, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო. ქვეყნის მოქალაქეები უბრალოდ იმის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკოსი მჯდარიყო კონკრეტულ სკამზე. იქიდან მოყოლებული დღემდე პოლიტიკური პოლარიზაცია ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს წითელ ხაზად მოჰყვება: ყველა წინასაარჩევნო პერიოდი პრეაპოკალიპტურ პერიოდს მაგონებს: იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მუდმივად უკომპრომისო დაპირისპირებაა, პოლიტიკურ კლასში ხალხმა ვერ შეიგნო, რომ არის საკითხები, რომელზეც ერთად უნდა იმუშაონ; ვერ გაიაზრეს, რომ სახელმწიფო დაპირისპირებით არ შენდება“.
მისივე შეფასებით, სახელმწიფოს შენების პირველივე წლებში ჩვენ არ განგვისაზღვრავს ეკონომიკური მოდელი; არც ერთ ეკონომიკურ ექსპერიმენტს არ უმუშავია, რადგან არ შექმნილა სახელმწიფო ინსტიტუტები:
„მუშაობა იმით უნდა დაგვეწყო, რომ შეგვექმნა ინსტიტუტები, კონსტიტუცია, განგვესაზღვრა სახელმწიფოს პრინციპები და მასზე დაგვეშენებინა ქვეყანა. მადლობა ღმერთს, ეთნიკური ნაციონალიზმი თანდათან უკან იხევს, წინ მოდის სამოქალაქო ნაციონალიზმი და ეს სწორია: კულტურათა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა ვერ იქნება ეთნიკურად ჰომოგენური – მრავალფეროვნება უნდა იყოს ამ ქვეყნის ძალა. გახსნილობის მომენტი ამოგვივარდა თავიდან –სახელმწიფოებრიობის მიღების შემდეგ ვერ გავიაზრეთ, რომ ჩვენ არა იმპერიის მცირე ნაწილი, არამედ სახელმწიფო ვართ, ვართ დიდი და პატარები თავად სახელმწიფოში არიან, იგივე უმცირესობები, რომლებსაც შეიძლება, რაღაც შიშები გაუჩნდეთ. ანუ ჩვენ ის შიშები, რაც საკუთარ თავზე იმპერიის მცირე ნაწილად ყოფნის დროს ვიწვნიეთ, შეგვეძლო, შიდა ჯგუფებისთვის მოგვეხსნა და კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან დამოუკიდებლობისთვის სამზადისშივე გავუშვით, ის იყო, რომ ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძლო, აფხაზური და ოსური ეროვნული პროექტები ქართული ეროვნული პროექტის ნაწილად ქცეულიყო. შედეგად მივიღეთ, რომ შეიქმნა კარგი გარემო, რათა გარე ჩარევის საფუძველზე მარტივად დაწყებულიყო ძალიან რთული კონფლიქტები“.
როგორც გობრონიძე აღნიშნავს, შემდეგი შეცდომა სტაბილიზაციის პერიოდში იყო დაშვებული:
„ნაცვლად სახელმწიფოს რეფორმირებისა, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდისა, მივედით იქამდე, რომ დღემდე, დამოუკიდებლობის 29 წლის თავზე მოსახლეობის თითქმის 20% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. პლუს, საშუალო ფენა თითქმის არ გვყავს და ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ არაა გაკეთებული: არ შეიძლება, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში ადამიანებს შიოდეთ – ეს აქსიომაა. შენ არ ხარ ინდოეთი, რომ ვერ გამოკვებო მილიარდნახევარი მოქალაქე“.
გობრონიძის აზრით, კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც დღემდე აქტუალურია, არის გააზრება, რომ ლიდერობა გულისხმობს პასუხიმსგებლობას და პოლიტიკური ხედვის ქონა:
„გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა; პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს არ აქვს შეგნებული, რომ ძალაუფლება თითოეული ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას გაკისრებს. მათ არ ესმით, რომ ისინი მოქალაქის მსახურები არიან და არა მმართველები და ამაში იღებენ ხელფასს. ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა პოპულიზმს“.
შესაძლებლობები ჰორიზონტზე
კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, მართალია, განსხვავებით 90–იანი წლებისა, „შესაძლებლობების ფანჯარა“ ხილვადი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ქვეყანა ამ პერიოდისთვის ემზადოს. ამისთვის კი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, რეფორმები, სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამოსწორება მნიშვნელოვანია:
„თუ ამ გზით გავაგრძელებთ მუშაობას, არ ვიცით, როდის, მაგრამ „ფანჯარა“ აუცილებლად გაიხსნება და საქართველომ ეს შესაძლებლობა მეორედ აღარ უნდა დაკარგოს: ამ დროს საქართველო მზად უნდა შეხვდეს – არ უნდა იყოს დებატები იმასთან დაკავშირებით, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, თუ არა. უნდა ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა და გარკვეულწილად პერიფერიული სტატუსისა, ჩვენ დასავლეთის შემადგენელი ნაწილი ვართ".
გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ გლობალურმა პანდემიამ და მსოფლიო ეკონომიკის რეცესიამ პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აქამდე არსებული ეკონომიკური სისტემების ეფექტურობა. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებიც ამ სისტემებში ღრმად არიან "ჩამჯდარნი", ტრანფორმაციის პერიოდში უფრო დიდ პრობლემებს გადააწყდებიან, ვიდრე საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომლებმაც ნოლიდან უნდა დაიწყონ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა:
„შეგვიძლია, ინოვაციური მიმართულებები გამოვიყენოთ: ვხედავთ, რომ სამყარო ციფრული ხდება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მთელი რიგი ინოვაციური მიმართულებებით ჩვენი ნიშა დავიკავოთ. ამასთან, ჩვენს ქვეყანას არ აქვს ნავთობი, გაზი და ერთადერთი რესურსი, რომელიც შეიძლება, შევქმნათ და ამის შესაძლებლობა ახლაც გვაქვს, ესაა უკიდურესად განათლებული საზოგადოება. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, რადგან პოტენციალი არის – ამ ქვეყანას ნიჭიერი ხალხი ჰყავს და ეს გამოსაყენებელია. შევხედოთ ისრაელს, ეს სახელმწიფო წარმატებას სწორედ ინტელექტის ხარჯზე აღწევს“.
გობრონიძე კიდევ ერთ შესაძლებლობას შავი ზღვისადმი დასავლეთის ინტერესში ხედავს:
„ვხედავთ, რომ შავი ზღვის ხვედრითი წილი იზრდება: არსებობს ამერიკული დაინტერესება ქართული ინფრასტრუქტურის მიმართ. ამ ბოლო დროს იაპონური დაინტერესებაც გამოიკვეთა. ამ ურთიერთობების ინტენსიფიკაცია საჭიროა. ჩვენი პარტნიორები კი არ უნდა ფიქრობდნენ, რომ დადებულ ხელშეკრულებებს არ შევასრულებთ და ვალდებულებებს უდიერად მოვეპყრობით, არამედ დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ რა დაპირებასაც მიიღებენ, წყალი „არ გაუვა“ – ანაკლიის პორტი 2 არ უნდა განმეორდეს. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არაა დახურული. გავიხსენოთ პომპეოს ბოლო განცხადება, როდესაც ამბობს, რომ საქართველოში ამერიკის სტრატეგიული ინტერესია, ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ რუსული აგრესია დავაბალანსოთ“.
გობრონიძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან შანსს, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს:
„ახლა მაინც ნორმალურად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ოდესმე უნდა ვეღირსოთ ტრადიციად დამკვიდრებას, რომ ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით, ხოლო ცვლილების შემდეგ ყოფილ ხელისუფლებას „კოცონზე არავინ დაწვავს“. სხვაგვარად დემოკრატია ვერ ვიქნებით. ვფიქრობ, ინტელექტის შემდეგ მეორე რესურსი, რომელიც უნდა გვქონდეს, არის ის, რომ ვიყოთ მართლაც დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. თუ გვინდა, ვიყოთ ძალა, რომელსაც დემოკრატიული სამყარო დაიცავს, თავად უნდა ვიყოთ დემოკრატია. ეს შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, ჩვენზე ხელი არ ჩაუქნევიათ და სანამ გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს არჩევნებს, მთავარია, შედეგთან კითხვა არ გაჩნდეს და მას ჰქონდეს ლეგიტიმაცია. ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და არა დიდი რესურსები“.