მოსკოვი თბილისისგან ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვებას ითხოვს

27-05-2020 00:09:41 მსოფლიო

მოსკოვი თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ “ინფორმაციის არარსებობით” შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებისგან ცენტრის მონახულების განაცხადზე პასუხს ელის, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

«ქართულ მხარეს საგნობრივად ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება ჩვენს 2019 წლის ივნისის ნოტაზე, რომელიც შეიცავდა თხოვნას, მოეწოდებინათ აუცილებელი განმარტებები შესაძლო ვიზიტის მოდალობებზე. ველით თბილისის ოფიციალურ რეაქციას” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ოფიციალური მოსკოვი განმარტავს, მისი შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ “ვაშინგტონი არ ხსნის, რით არის დაკავებული რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უშულო სიახლოვეს, რაც, ბუნებრივია, ვერ დარჩება მოსკოვის ყურადღების მიღმა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მით უფრო, როცა საუბარია ესოდენ სენსიტიურ ასპექტებზე”. ამასთან, მოსკოვი მოითხოვს “დაშვებას ლაბორატორიის ყველა კორპუსში, მათ შორის – იმ სივრცეებში, სადაც ამერიკელი სპეცილისტები მუშაობენ”:

“ეს უზრუველყოფს ცენტრის საქმიანობის რეალურ შემოწმებას და გამორიცხავს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ამერიკელი სამხედრო ბიოლოგების მიერ წარმოებადი საქმიანობის ჭეშმარიტი მიმართულების დამალვის შესაძლებლობას”.

გარდა ამისა, მოსკოვი მოითხოვს, ვიზიტი ორმხრივ ფორმატში, მესამე ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ ლუგარის ცენტრის თემას კრემლი ანტიქართული და ანტიამერიკული პროპაგანდის მიზნით პერიოდულად იყენებს და ამ მიზნით არაერთი დეზინფორმაციული განცხადება ადრეც გაუკეთებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები