
წულუკიანი – ბოკერიაზე: "როდესაც მხედავს ბნედა ემართება"
27/05/2020 19:29:55 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას მის დანახვაზე "ბნედა ემართება".
„მოვისმინე გიგა ბოკერიას სიტყვა ჩემთან დაკავშირებით და ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა. არ არის მისგან უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა. პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას. ვითომ გასუფთავებული „ნაციონალები“ ბოკერიას თამადობით, სამწუხაროდ, მიკროფონი არ იყო და არ ისმოდა, როდესაც პრემიერ-მინისტრს საყვედურობდნენ, ბატონი სერგი კაპანაძე და ბატონი ბოკერია ჰყვიროდნენ, ჯარიმები მაღალი, რომ არის იმას კი არ ვაპროტესტებთ, არამედ გაღიზიანებული არიან იმით, როდესაც მე ვახსენებ ილია ჭავჭავაძეს. გაღიზიანებულია და მსაყვედურობს, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მართალი გითხრათ, მე ვერ ვიდარდებ", – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანს „პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირს" უწოდა და პრემიერს მისი გადაყენება სთხოვა.