გოგიჩაიშვილი გახარიას:"ვისაც თქვენ მიეცით სიტყვა, იმის ნათქვამი იყო შეურაცხმყოფელი, ეს სიტყვები ადამიანებს წინ დახვდებათ"

28-05-2020 01:13:35 სამართალი

ზაალ ჟვანიამ თავი შესწირა სამართლიანობისათვის ბრძოლას და კითხვა მაქვს, როდის აღდგება მისი ოჯახის ინტერესი, რომლის წევრებიც წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა, – ასე მიმართა პრემიერს პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ბატონო გიორგი, ოთხი თვის წინ გარდაიცვალა ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი უფროსი მეგობარი, ბატონი ზაალ ჟვანია, რომელმაც ფაქტობრივად, თავი შესწირა ამ ქვეყანაში სამართლიანობისათვის ბრძოლას.

წინა ხელისუფლებამ მისი მთელი ოჯახი დაიჭირა, მთელი ოჯახი დააპატიმრა – ის, მისი ორი შვილი, ოჯახის სხვა წევრები.

კონკრეტული კითხვა მაქვს, თქვენმა მთავრობის წევრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით იციან და აქვთ ინფორმაცია. როდის აღდგება ამ ადამიანის ოჯახის ინტერესი? როდის აღდგება მისი სამართლიანობისთვის ბრძოლა?“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ არ იცნობს ზაალ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სთხოვა.

„ეს ქეისი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ნაცნობია ჩვენთვის. ამ პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხები ვიცით კარგად და დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ეპატია. 23 მილიონი ამნისტიის შემთხვევაში იმ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენდა ეს ადამიანი, ჩამოეწერა და ამის შემდგომ, რაღაც პრეტენზია ჰქონდა დამატებით, რომელიც არსად არ უფიქსირდება შემოსავლების სამსახურში. ჩვენ ეს ვალდებულება მის მიმართ, რა საბუთებიც წარმოადგინა მაშინ, დეტალურად გავიარეთ და შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა მათი წარმოშობის ვალიდურობას. ისე, რომ იცოდეთ, 23 მილიონამდე არის ნაპატიები და იმ პერიოდში, მაგალითად, ეს თანხა აღიარებული რომ ყოფილიყო, შესაბამისად ყველა ვარიანტში, 23 მილიონის ვალდებულება, იმ ორ თუ სამ მილიონს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, რაზეც პრეტენზია ჰქონდა, ის „შეუჭამდა“. ამიტომ, მე მგონი, არც სამართლებრივად და არც მორალურად ჩვენ არ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ და სუსტად. ეს ქეისი მე კარგად მახსოვს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ლევან გოგიჩაიშვილი.

„ის, რა სიტყვაც თქვა, თქვენ ვისაც მიეცით სიტყვა, ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები ადამიანებს წინ დახვდებათ. ეს ადამიანი მთელი ოჯახით იყო დაპატიმრებული და მართლა სირცხვილი თქვენს ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანაში დაამთავრეთ სამართლიანობის აღდგენა“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები