კადიროვი “შეუნდობს” ევროპაში მყოფ ჩეჩნებს, თუ “ბრალს აღიარებენ”

28-05-2020 16:42:31 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ “მზადაა, შეუნდოს ნებისმიერს, ვინც ბრალს აღიარებს”. ეს განცხადება მან ევროპაში მყოფი ჩეჩნებისადმი დამოკიდებულების განმარტებისას გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, იმ რამდენიმე პირმა, რომელიც სოცქსელებში ლუკმა-პურს შოულობს, თავადაც მშვენივრად იცის მათი იდეების უტოპიურობის შესახებ. ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს ჩეჩნური საზოგადოების განუყოფელ ნაწილად ვთვლი და ძალიან მახარებს, როცა სწავლისა თუ მუშაობის კუთხით მათი წარმატებების შესახებ მესმის” – წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.

მანამდე მან დაწერა, რომ ჯანმრთელადაა და ურაზა-ბაირამის დღესასწაული შინ, თვითიზოლაციაში გაატარა.

"ავადაც რომ ვიყო, მსოფლიოში მილიონობით ადამიანია დაავადებული კორონავირუსით და მე რა, ადამიანი არ ვარ? არ მაქვს უფლება, ვიავადო? სადღეისოდ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ", - დაწერა კადიროვმა.

მისივე შეფასებით, ამ დროისთვის ჩეჩნეთში ეპიდემია პიკურ მდგომარეობამდეა მისული და მოსალოდნელია მისი უკან დახევა.

  • ურაზა-ბაირამის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი კორონავირუსზე ეჭვით სასწრაფოდ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იყო ჰოსპიტალიზებული.
  • ჩეჩნეთში ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, 1 152 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 698 პაციენტი, გარდაიცვალა 13.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები