22 წელი სამართლის ძიებაში: „თქვა, „შედეგს შესაძლოა, ვერც მოვესწროო“... სამწუხაროდ, გარდაიცვალა“

28-05-2020 16:36:48 სამართალი

ვინმესთვის შესაძლოა, წარმოუდგენელიც აღმოჩნდეს, მაგრამ რეფორმების მრავალ „ტალღაგავლილ“ (რითაც ამაყობს ხოლმე იუსტიციის მინისტრი) ქართულ სასამართლოში დღესაც დევს საქმე, რომელიც ახალი ქართული სახელმწიფოს ასაკს ცოტათი თუ ჩამორჩება: 22 წელი შელახული უფლებების გამო ბრძოლისთვის ცოტა არაა და უკიდურესად ძლიერ ნებისყოფასაც მოითხოვს. ვსაუბრობთ ზაალ ჟვანიას საქმეზე.

„ეს ადამიანი ელემენტარული სამართლიანობისთვის 22 წელზე მეტი იბრძოდა. იურიდიული განათლება არაა საჭირო, დაინახო, თუ რამდენად უსამართლო აღმოჩნდა სისტემა ყველა ხელისუფლების დროს. ესაა კლასიკური მაგალითი იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენ ვერ შევქმენით სახელმწიფო და სასამართლოს სისტემა, სადაც ადამიანი სამართალს იპოვის: ამ საქმემ სამი ხელისუფლების ხელში გაიარა და სამივე უკიდურესად უსამართლოდ მოექცა ჟვანიების ოჯახს“,– ამბობს „აქცენტთან“ ჟვანიების ოჯახის ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე.

თემამ 27 მაისს პარლამენტშიც გაიჟღერა. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი გვარწმუნებს, "მორალურად და სამართლებრივად წელგამართულები ვართო", მაგრამ იმის გასარკვევად, ვისთვის როგორ აღსდგებახოლმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი დანაპირები – სამართლიანობა, თავად ჟვანიას საქმეში ჩავიხედოთ:

თავის დროზე ერთ–ერთი მსხვილი, ნავთობპროდუქტების ბიზნესში ჩართული ბიზნესმენის ზაალ ჟვანიასა და მისი კომპანიებისთვის პრობლემები ჯერ კიდევ 1990–იან წლებში დაიწყო.

„მისი კომპანიის წინაშე დავალიანება (3 800 000 ლარი) რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს ჰქონდა, რომლის 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იყო. რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა დავალიანება არ გადაიხადა, შედგა სასამართლო დავაც და პროცსი ჟვანიას სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კომბინატმა დაკისრებული თანხა მაინც არ გადაიხადა. ამის შემდეგ ჟვანიამ სასამართლოს მიმართა, რუსთავის მეტალურგია გაკოტრებულად გამოცხადებულიყო, გაყიდულიყო და ამ გზით დაეფარათ დაგროვილი დავალიანება. მოგეხსენებათ, რუსთავის მეტალურგია მსხვილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ქარხანაა, მის მესაკუთრეს – სახელმწიფოს კომპანიის სხვის ხელში გადასვლა, თან იაფად, არ აწყობდა. ამიტომ, ზაალ ჟვანიასთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. შედგა შეთანხმება და 1999 წელს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაც გამოიცა, რომლის თანახმადაც, ზაალ ჟვანიას კომპანია რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს აღარ მოსთხოვდა დაგროვილი დავალიანების გადახდას, სანაცვლოდ კი სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ ჟვანიას კომპანია 3 800 000 ფარგლებში გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდებოდა. ჟვანიამ შეთანხმების თავისი წილი პირნათლად შეასრულა, სახელმწიფომ კი არა. შემდეგ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში შედგა. სასამართლომ 2003 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ წერია სახელმწიფოს ვალდებულების შესახებ, რომ ჟვანიას კომპანიის წინაშე დავალიანება არსებობს, მოთხოვნა იურიდიულად სწორია და ეს დავალიანება აუცილებლად უნდა იქნას გადახდილი“,– უყვება „აქცენტს“ კოჟორიძე.

დავის პროცესში ქვეყანაში ხელისუფლება ორჯერ შეიცვალა:

„ჟვანიამ სამართლებრივი ბრძოლა ახალი ხელისუფლების პირობებში – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განაგრძო, მაგრამ დაიჭირეს, დაიჭირეს მისი შვილები, გაუყიდეს ქონებები და ოჯახი უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. შემდეგ – 2012 წელს ისევ შეიცვალა ხელისუფლება. ჟვანია და მისი ერთ–ერთი ვაჟი პოლიტპატიმრებად იქნენ ცნობილი, მათ ისევ განაგრძეს მოთხოვნა, სახელმწიფოს შეესრულებინა ვალდებულება, თუმცა ჟვანია ახალი ხელისუფლების პირობებშიც უსამართლობას წააწყდა: სასამართლოში წარმოუდგენელი რამ ხდება – საქმე წინ და უკან დადის. ერთ ინსტანციაში წავაგებთ, მეორეში ნაწილობრივ მოვიგებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე ხელახალ განხილვაში ბრუნდება, შემდეგ ისევ ვასაჩივრებთ...ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოშია. თუ უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, პირველ ინსტანციაში დაბრუნდება და ისევ თავიდან დაიწყება განხილვა. წარმოიდგინეთ, ადამიანი 22 წელი დავობს და ისევ თავიდან უნდა დაიწყოს პროცესი, ეს წარმოუდგენლად რთულია!

2019 წელს გვქონდა ბოლო პროცესი და ბატონმა ჟვანიამ თქვა, „22 წელია სასამართლოში დავდივარ და შედეგს შესაძლოა, ვერც მოვესწროო“. სამწუხაროდ, ის 2020 წლის იანვარში გარდაიცვალა“.

თავად სასარჩელო მოთხოვნა 22 წლის განმავლობაში უცვლელია – სახელმწიფომ შეასრულოს ვალდებულება:

„ჩვენ არ ვითხოვთ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (სახელმწიფოს თავის დროზე რომ გადაეხადა დავალიანება, სულ სხვა მოცემულობა იქნებოდა. შს სამინისტროს კრიმინალური ექსპერტიზის დასკვნაც გვაქვს, რომელშიც წერია, რომ კომპანიას სახელმწიფოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 10 მილიონი ლარის ზიანი მიადგა), თანხის ხელზე მიღებას... ვითხოვთ, ამ ოჯახის კომპანიას – შპს „ნაციონალს“ საქმიანობის დაწყების უფლება მიეცეს. სახელმწიფომ თქვას, რომ კომპანიას საქმიანობის დაწყების შემთხვევაში, მომავალში 3 800 000 ლარის ფარგლებში გადასახადებისგან გაგათავისუფლებს. დღეს კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის 27 მაისის განცხადებას, რომ ჟვანიას კომპანიას 23 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერა, ადვოკატი განმარტავს:

„როდესაც ჟვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დავობდა, როგორც მაშინ ხდებოდა ხოლმე, მას ხელოვნურად დააკისრეს ჯარიმები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეეძლო, ამ მიმართულებით პროცესი არ აწარმოა – ითხოვდა მათ შორის უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერას. სანამ ეს დავა დასრულდა, სახელმწიფომ საყოველთაო საგადასახადო ამნისტია გამოსცა და ეს აქტი ჟვანიას კომპანიასაც შეეხო. ამდენად, უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერა არა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებით, არამედ – ამნისტიით და ეს ორი საკითხი სამართლებრივად ერთმანეთთან კავშირში არაა. სხვათა შორის, რაც მინისტრმა 27 მაისს პარლამენტში განაცხადა, იმას სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლოშიც ვერ ამბობს, რადგან იურიდიულად ეს ასე არაა. საბოლოო ჯამში, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტები: სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილება, ფინანსთა მინისტრის 1999 წლის ბრძანება და საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის დასკვნა დღემდე არაა შესრულებული“.

კოჟორიძის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ მთავრობის წევრებთან გაფართოებული შეხვედრა შედგა, რომელსაც მათ შორის იუსტიციის და ფინანსთა მინისტრები და ზაალ ჟვანია იმჟამინდელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდნენ:

„შეხვედრაზე თეა წულუკიანს [იუსტიციის მინისტრი] პირდაპირ უთქვამს, რომ „ამ ადამიანების მოთხოვნა სამართლიანია და თუ სტრასბურგს მიმართავენ, სახელმწიფო დავას წააგებსო“. თუ უზენაესმა სასამართლომ საქმე პირველ ინსტანციაში დააბრუნა, შესაძლოა, სტრასბურგში წავიდეთ“.

რაც შეეხება სამართლებრივი პროცესის გაჭიანურების მოტივაციას, იურისტი პრაქტიკის გათვალისწინებით რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს:

„შეიძლება, ეს იყოს უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების გადაწყვეტილება: პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ იღებენ. ხოლო სასამართლოს შემთხვევაში, როდესაც სადავო თანხა ნახევარ მილიონს სცდება ხოლმე, თუ სახელმწიფომ არ უთხრა, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რიგითი ადამიანი დავას ვერ იგებს. ჟვანიებს ცალსახა უარს ვერ ეუბნებიან და წინ და უკან დაატარებდნენ. ფინანსთა სამინისტროში პასუხისმგებლიანი თანამდებობის პირი რომ არსებობდეს, ამ საქმის მორიგებით დასრულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ერთადერთი რამ ცალსახაა: ეს ოჯახი სახელმწიფოს მიერ განადგურებულია“.

ახალი ამბები