ალავერდაშვილი: „შვედური მაგიდა და ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აღარ იქნება“

29-05-2020 18:26:43 ეკონომიკა

სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ბიზნესს მოუწევს, იმ რეგულაციებთან ადაპტირება, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის გამოქვეყნდა.

მისი თქმით, სექტორისთვის ძირითადი რეგულაციები ცნობილი იყო და წინასწარ დაიწყო მზადება:

„ყველანი უნდა გავეცნოთ რეგულაციებს. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ეს რეგულაციები და ქვეყანაში შემოსულ ტურისტს გავუჩინოთ განცდა, რომ ყველაფერი დაცულია. რეალურად უნდა შევეცადოთ, არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებას.

ჩვენთვის ამ რეგულაციების ძირითადი პუნქტები ცნობილი იყო, ყველამ წინასწარვე დაიწყო მომზადება, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ზოგადი სიტუაცია ასეთია, რომ გვაქვს ზოგადი გამოცდილება. კარანტინის ზონები გვქონდა სასტუმროებში. გარკვეული ცოდნის გაცვლაც მოხდა სასტუმროებს შორის, რეალურად ეს დაგვეხმარება შევეგუოთ ახალ რეალობას“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, პირველად, როდესაც სტუმარი შედის სასტუმროში, ხდება ტემპერატურის გაზომვა, შემდეგ ხელების დამუშავება, რეგისტრაცია ადმინისტრატორთან, რომელიც გამჭირვალე დამცავი ბარიერით იქნება გამოყოფილი:

„ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აღარ მოხდება. შემდეგ სტუმარი ნომერში ადის, რომელიც დამუშავებული და განიავებულია ოთხი საათის განმავლობაში. რაც შეეხება რესტორანს, აქ შვედური მაგიდის პრინციპი იცვლება. სტანდარტული შვედური მაგიდა, სადაც სტუმარი მიდის და იღებს საკვებს, არ იქნება. აქაც მოემსახურება პერსონალი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები