Accentnews.ge
აშშ საქართველოში კომერციულ წარმომადგენლობას გახსნის

აშშ საქართველოში კომერციულ წარმომადგენლობას გახსნის

14/06/2019 07:30:38 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ამერიკული მხარე თბილისში აშშ–ის კომერციულ წარმომადგენლობის ჩამოყალიბებას შეუდგება.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ საქართველოს აღიქვამს რეგიონულ კვანძად, სადაც უნდა არსებობდეს კომერციული და ეკონომიკური წარმომადგენლობა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ეკონომიკურ ურთიერთობებს გაუწევს კოორდინირებას. აქედან გამომდინარე, საქართველოში აშშ–ის კომერციულ წარმომადგენლობის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო. ეს იქნება რეგიონული მნიშვნელობის ოფისი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ ჩვენს ქვეყანას რეგიონში ამერიკული ბიზნესისთვის რეალურ კვანძად აღიქვამს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მემორანდუმის თანახმად, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ვაჭრობის მასშტაბების გაზრდის მიზნით, მხარეები დიალოგს კიდევ უფრო გაააქტიურებენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. ასევე გაგრძელდება კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP), რომელიც ხელს უწყობს კომერციული ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას საქართველოში და პროგრამა SABIT-ი(Special American Business Internship Training), რომელიც ეხმარება ქართულ ბიზნესს ამერიკულ კომპანიებთან დაახლოებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გააქტიურებაში (Special American Business Internship Training).

დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია ინფორმაციის გაცვლა ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე; საწარმოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობის წახალისება გამოფენებში, ბაზრობებში, ბიზნეს–ფორუმებში, სავაჭრო მისიებსა და ინვესტორებთან სერიულ შეხვედრებში, რომლებიც მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე და მათ ფარგლებს გარეთ გაიმართება.

ცნობისთვის: საქართველო და აშშ პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის სფეროებში 1992 წლიდან თანამშრომლობენ, ხოლო 1990–იანი წლების ბოლოდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში ორი ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიულ თანამშრომლობას  უსაფრთხოების, თავდაცვის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. 

2018 წელს საქართველოსა და აშშ–ს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 520 მლნ დოლარი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S