ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსი – დავითაშვილს: „გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“
01/06/2020 08:40:30 საზოგადოება, რეკლამა
ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის განცხადებით, საქართველოს ორგანიზაციის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.
„მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვაში გაკეთებული მრავალი საინტერესო აქცენტი სრულ თანხვედრაშია ჩვენს პრიორიტეტებთან. მის მიერ გაჟღერებული საკითხები საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განსაკუთრებით კი, მომავალში დასამტკიცებელი საკანონმდებლო ინიციატივები. გქონდეთ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება „ტყის კოდექსზე“ გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.


