CENN-ის დირექტორი: "საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით არც ერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც „ტყის კოდექსს“

01-06-2020 14:57:37 საზოგადოება ,რეკლამა

"მოხარული ვარ, რომ „ტყის კოდექსი“, რომელზე მუშაობაც შვიდი წლის წინ დაიწყო, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ეს გახლავთ ტყის სექტორის რეფორმირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი. მასზეა დამოკიდებული როგორც მოსახლეობის სიღარიბის აღმოფხვრა, ასევე, ბუნებრივი კატასტროფების შეჩერება და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა",- ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორმა ნანა ჯანაშიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას წლების განმავლობაში, დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა ყველა ეტაპზე ჰქონდა.

„დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტში და თემში განიხილეს. ამ პროცესში, ჩვენი ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული. შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც „ტყის კოდექსს“, - განაცხადა ჯანაშიამ.

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები